სხვა

0:30 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება
EWF-ის პრეზიდენტი: "დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო დღეები გველის, მადლობა საქართველოს"

დღეს, 6 აპრილს, ბათუმში სტარტს აიღებს და 13 აპრილამდე გასტანს ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი ძალოსნობაში.

უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა, ვინც ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატის ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრებიდან 10 მამაკაცი და 3 გოგონა გავა.
გაგაცნობთ შემადგებლობას და ქართველ ძალოსანთა გამოსვლის განრიგს წონითი კატეგორიების მიხედვით:

6 აპრილი

49 კგ. ხათუნა ჯიმშელეიშვილი, B ჯგუფი, 10:00

7 აპრილი

61 კგ. რამინ შამილიშვილი, 20:23
61 კგ. შოთა მიშველიძე, 20:23

8 აპრილი
67 კგ. გოგა ჩხეიძე, 20:23

9 აპრილი
64 კგ. მაკა ვეფხვაძე, C ჯგუფი, 11:00
73 კგ. არჩილ მალაყმაძე, B ჯგუფი, 15:30

10 აპრილი
81 კგ. ლომია თებიძე, C ჯგუფი, 12:45

11 აპრილი
76 კგ. ნათია გადელია, B ჯგუფი, 15:00
89 კგ. რეზი დავითაძე, 17:53

12 აპრილი
96 კგ. ანტონ პლესნოი, 20:23

13 აპრილი
102 კგ. ირაკლი ჩხეიძე, 08:53
+109 კგ. ირაკლი თურმანიძე, 17:23
+109 კგ. ლაშა ტალახაძე, 17:23

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) კონგრესს უმასპინძლეს. კონგრესის დღის წესრიგი 14 საკითხისგან შედგებოდა. მათ შორის მეორე საკითხად წარმოდგენილი იყო ბათუმის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებთან გაცნობა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა დელეგატებს ბათუმი-2019-ის მიერ გაწეული სამუშაოები გააცნო. ამასთან, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისადმი გამოხატული ნდობისთვის ევროპის ხელმძღვანელ ფედერაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ევროპის ჩემპიონატს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.
ბათუმში გაწეული სამუშაოები უმაღლეს დონეზე შეაფასა EWF-ის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ. ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, შთაბეჭდილებები საუკეთესოა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ უდიდესი სამუშაო გასწია ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ.
"დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო დღეები გველის, მადლობა საქართველოს",- განაცხადა ანტონიო ურსომ.
კონგრესის დელეგატები ასევე გაეცვნენ წლეულს ჩასატარებელ ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებისთვის მასპინძელი ქალაქების სამზადისს. ვრცლად იყო წარმოდგენილი 2020 წლის მოსკოვის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გეგმა.
კონგრესის დასასრულს, EWF-ის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ ძალოსნობის ინვენტარის უმსხვილეს მომწოდებელ შვედური ELEIKO-ს ჯგუფის წარმომადგენელს ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გადასცა. თავის მხრივ ELEIKO-სგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს ანტონიო ურსომ და კახი კახიაშვილმაც.
კონგრესის დელეგატებმა ძალოსნობის ევროპის ფედერაციის დაარსებიდან 50 წლის იუბილე სასტუმრო "ჰილტონის" "რუსთაველის" დარბაზში ჯგუფური ფოტოს გადაღებით აღნიშნეს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

0.117946