კალათბურთი

0:50 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ ევროლიგა 16 ქულით დაასრულა

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგის მიმდინარე სეზონში ბოლო მატჩი ჩაატარა და ათენში “პანათინაიკოსთან” 67:87 დამარცხდა, 19 წლის ქართველი ცენტრი კი სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:15 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 5 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც პოდგორიცული კლუბის მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ვთქვათ ისიც, რომ ბითაძეს ევროლიგაში 13 მატჩი მოუგროვდა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 12.1 ქულა, 6.4 მოხსნა, 1.2 პასი, 0.5 ჩაჭრა, 2.3 დაფარება.

საინტერესოა, რომ “პანათინაიკოსმა” ევროლიგის პლეი ოფში გასვლა სწორედ აღნიშნული გამარჯვებით გაიფორმა, რომლის მთავარი შემოქმედიც ნიკ კალატესი გახდა.

30 წლის ბერძენმა კალათბურთელმა 11 ქულა, 11 მოხსნა და 18 პასი (!) მიითვალა და უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ევროლიგაში სამმაგი დუბლი შეასრულა. აქამდე, 2-ჯერ ტრიპლ-დაბლი ნიკოლა ვუიჩიჩის ჰქონდა გაფორმებული.

“ბუდუჩნოსტმა” სეზონი 6 მოგებითა და 24 მარცხით დაასრულა და სავარაუდოა, რომ ევროლიგაში ბოლოსწინა მე-15 ადგილი დაიკავებს.

ბითაძის კლუბს მომდევნო და ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი მატჩი 7 აპრილს ელის, როდესაც ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალის ეგიდით ხორვატულ “ცედევიტას” გაეჯიბრება.

0.122177