გოგა ბითაძისთვის მიმდინარე სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 19 წლის ქართველი კალათბურთელის “ბუდუჩნოსტს” დღეს, ევროლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩი ელის (საბერძნეთში, “პანათინაიკოსთან”), 7 აპრილს კი, ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატულ “ცედევიტას” გაეჯიბრება.
აი, შემდეგ კი უკვე, ყველაზე საინტერესო ამბავი გველის: NBA-ს 2019 წლის დრაფტი, სადაც გოგას პირველივე რაუნდში არჩევას უწინასწარმეტყველებენ. მომავალ ბატალიებამდე, პოპულარულმა საკალათბურთო პორტალმა Eurohoops.net-მა ბითაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
- ევროლიგაში ასპარეზობით რა გამოცდილებას იღებ? რა ნიუანსები აღმოაჩინე იმ პერიოდში, რაც ევროპის უძლიერეს ტურნირში თამაშობ?
- ეს, ჩემთვის ნამდვილად დიდი ნაბიჯი გახლდათ. ევროპული კალათბურთის უმაღლეს დონეზე, საუკეთესო მოთამაშეების მხარდამხარ გარჯა მიწევს. განსხვავებული სტილის “დიდ” კალათბურთელებთან ჭიდილში ბევრი რამ ვისწავლე და მართალი გითხრათ, არ ვიცოდი, მათთან გამკლავებას რამდენად შევძლებდი, თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- ევროლიგაში ყველაზე მეტად რომელ ოპონენტთთან გაგიჭირდა?
- ალბათ, ჯორდან მიკისთან, რომელმაც დასკვნით მეოთხედში რამდენიმე რთული ტყორცნა ჩააგდო.
- ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია – ამ ორ კალათბურთელზე რა აზრის ხარ და მათ შენთვის გზის გაკვალვაში რა როლი ითამაშეს?
- პატარაობაში ისინი ჩემთვის მისაბაძი კალათბურთელები იყვნენ, რომელთა ეროვნულ ნაკრებში თამაშსაც მოუთმენლად ველოდი. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათსავით მაღალ დონეზე გარჯას შევძლებდი, თუმცა, ერთს კი ვფიქრობდი, რახან მათ მოახერხეს, მეც შემიძლია გავაკეთო.
- იგრძენი თუ არა დამატებითი ტვირთი მას შემდეგ, რაც შენი ლუკა დონჩიჩთან შედარება დაიწყეს. სლოვენიელის შემდეგ საუკეთესო ახალგაზრდა ევროპელად სწორედ შენ მიგიჩნევენ...
- ამ მხრივ ზეწოლას არ ვგრძნობ. უბრალოდ ყოველ მატჩზე კონცენტრირებასა და მოედანზე 100% დახარჯვას ვცდილობ. იმას ვაკეთებ, რასაც მთელი კარიერა და დამატებითი მოტივაცია ნამდვილად არ მჭირდება.
- შენთვის სამაგალითო კალათბურთელები ვინ არიან, რომელთა გზის გავლაც გსურს?
- ქართველი კალათბურთელებიდან ზაზა ფაჩულია, თოკო შენგელია და გიორგი შერმადინი. როდესაც ნბა-ს მატჩების ყურება დავიწყე, კევინ გარნეტის ფანი გავხდი. დიდებული იყო ჰაკიმ ოლაჯუონი. ეს კალათბურთელები მოედანზე საოცრებებს აკეთებდნენ. მათ თამაშებს დღესაც ხშირად ვუყურებ.
- სამქულიანი ტყორცნის გაუმჯობესებაზე ბევრს მუშაობ?
- სროლაზე ყოველდღიურად ვვარჯიშობ. ვიცი, რომ შორი დისტანციიდან შეტევა შემიძლია, თუმცა, “ბუდუჩნოსტში” ამის ხშირად კეთება რთულია, რადგანაც გუნდში ბევრი ძლიერი ინდივიდუალისტია. გასულ ზაფხულს ნამდვილად ბევრი ვიშრომე, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
- მათ, ვინც ნაკლებად გიცნობს, შენს ყველაზე ძლიერ მხარედ რას დაუსახელებდი?
- ყველაზე კარგად თავს ფარქვეშ ვგრძნობ, სადაც ვცდილობ ფიზიკურად არ დავიჩაგრო და ბლოკშოტები განვახორციელო. მინდა, ამ მხრივ ბოლომდე კონკურენტუნარიანი ვიყო. ვფიქრობ, ჩემი მთავარი პლიუსი ესაა.
- არაერთხელ გითქვამს, რომ შენი მიზანი NBA-ში თამაშია. ლიგის 2019 წლის დრაფტის მოახლოებასთან ერთად რას გრძნობ?
- ნამდვილად, ნბა-ში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება გახლდათ. მას შემდეგ, რაც ჩემი დრაფტზე გასვლა რეალური გახდა, მოტივაცია კიდევ უფრო მომემატა. თუმცა, ახლა, პირად მიზნებზე ნაკლებად ვფიქრობ. “ბუდუჩნოსტს” ადრიატიკის ლიგაში ნახევარფინალის გადამწყვეტი მატჩი ელის და სრულად ამაზე ვარ კონცენტრირებული.
- შენს კარიერაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა ვინ მოახდინა?
- ჩემმა ოჯახმა – დედაჩემმა, ჩემმა დამ და დეიდამ, რომლებიც ყველაფერში მეხმარებიან. ისინი ჩემს ვარჯიშებსაც კი არ აცდენდნენ და რთულ დღეებში მუდმივად მიმტკიცებდნენ, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. მათზე ახლო ხალხი ჩემთვის არ არსებობს.
- ამ დროისთვის, NBA-ში შენი ფავორიტი კალათბურთელი რომელია?
- ლებრონ ჯეიმსი. მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა. სამწუხაროა, რომ ლებრონი პლეი ოფში ვერ იასპარეზებს.
- საქართველოში შენს ფანებს რას ეტყოდი?
- მათ მადლობას ვუხდი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. უნდა იცოდნენ, რომ 100%-ით ვიხარჯები, რათა მათ მოედანზე საუკეთესო გოგა იხილონ.