ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მარცხი განიცადა და პლეი ოფში გასვლის შანსი გაირთულა.
დეტროიტელებმა შინაურ კედლებში “ინდიანა პეისერსთან” 89:108 წააგეს, ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა კი მოედანზე 5 წუთი გაატარა და აქტივში მხოლოდ 1 მოხსნა ჰქონდა.
ზაზამ ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, “პისტონსმა” მეტოქეზე 7 ქულით ნაკლები ჩააგდო.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესონი ანდრე დრამონდი (28 ქულა, 19 მოხსნა) და უეინ ველინგტონი (24 ქულა) იყვნენ, თუმცა, ტრავმირებული ბლეიკ გრიფინის არყოფნაში, დეტროიტელებმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს.
“პისტონსმა” ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო და ჯერაც გაურკვეველია, პლეი ოფში გააღწევს თუ – ვერა. ფაჩულიას გუნდი 39-39 მოგება-წაგებით მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა, მე-9 პოზიციაზე მყოფ “მაიამის” მხოლოდ 1 გამარჯვებით უსწრებს.
“პისტონსს” შემდეგი შეხვედრა 6 აპრილს “ოკლაჰომა სითისთან” ელის.