ფეხბურთი

0:20 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის მონაგარი: გოლები, წითელი ბარათი და თასის ფინალში გასვლის შანსი (+VIDEO)

უნგრეთის თასის 1/4 ფინალში ქართული გოლი გავიდა. ბაჩანა არაბულის „პუშკაშ აკადემია“ „სოროკსარს“ ესტუმრა და 31-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელის გოლით დაწინაურდა.

თუმცა, მასპინძლებმა 82-ე წუთზე გაათანაბრეს და მეტოქეს ნახევარფინალის საგზური ხელიდან გამოსტაცეს. ვინაიდან, ამ გუნდთა პირველი მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულებულიყო, გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა. არაბულმა აქაც ივარგა და თავისი წილი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერ ივარგეს, „პუშკაშ აკადემია“ საფეხბურთო ლატარეაში 4:5 დამარცხდა და ნახევარფინალს მიღმა დარჩა.

რუსეთის თასზე კი, ქართველებს ფინალში თამაშის შანსი აქვთ. თუმცა, ეს შანსი უფრო მცირეა, ვიდრე პირველ მატჩებამდე იყო. მოსკოვის „ლოკომოტივი“ შინ „როსტოვს“ დაუხვდა, ორჯერ აგებდა, მაგრამ ორჯერვე გაათანაბრა. სახლში 2:2 საპლეი-ოფო დუელში დიდი ვერაფერი შედეგია, მაგრამ წაგებას სჯობს.

სოლომონ კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელ ბარათს გამორჩა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას იური სიომინმა ისევ მისცა თავის გამოჩენის შანსი და ჩვენებურიც უმართლებს, რომელიც ისევ აქტიური იყო. 18 წლის ქართველი შემტევი მანუელ ფერნანდეშის ნაცვლად 57-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში „ურალმა“ შინ ტულის „არსენალი“ 1:0 დაამარცხა. სტუმართა რიგებში დაცვის ცენტრში გია გრიგავალამ ითამაშა, მაგრამ ბოლომდე ვერ დაასრულა თამაში, 85-ე წუთზე გააძევეს. რუსეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩები 15 მაისს გაიმართება.

დღესვე, რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა „ორენბურგსა“ და „კრილია სოვეტოვს“ შორის, რომელიც მასპინძლება 3:1 მოიგეს. სტუმართა შორის, ჯანო ანანიძე განაცხადში არ იყო და როგორც „კრილიას“ თავკაცმა მოიდრაგ ბოჟოვიჩმა თქვა, ჩვენებურმა მუხლზე დისკომფორტი განიცადა. სამარელები 24 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა დონეცკის „შახტარმა“, რომელმაც სტუმრად „ოლექსანდრია“ ჟუნიორ მორაეშის კინკილა გოლით დაამარცხა. დონბასელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ. „შახტარი“ 60 ქულით პირველ ადგილზეა და კიევის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს.

თავის მხრივ, კიეველებმა სტუმრად ლუგანსის „ზორია“ 3:2 დაამარცხეს და დრამატულ მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ 0:2 აგებდნენ. „ზორიას“ კარს ზაურ მახარაძე იცავდა, ხოლო მისი გუნდი 32 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

პოლონეთის ექსტაკლასას 28-ე ტურში გიორგი მერებაშვილის „ვისლა“ „პიასტს“ ესტუმრა და 0:1 წააგო. ქართველმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ საკუთარი გუნდი მორიგი მარცხისგან ვერაფრით იხსნა. პლოცეკელები“ 24 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე არიან.

იქვე, „ზაგლებიემ“ მნიშვნელოანი გამარჯვება მოიპოვა კრაკოვის „ვისლასთან“, რომელსაც 4:3 მოუგო. გამარჯვებულთა შორის 81 წუთი ითამაშა გიორგი გაბედავამ და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა 24-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. „ზაგლებიემ“ 24 ქულა დააგორვა და პლოცკის „ვისლასთან“ შედარებით უარესი ბურთების ბალანსის გამო ბოლო, მე-16 ადგილზეა.

შვეიცარიის სუპერლიგის 27-ე ტურში ლევან ხარაბაძის „ციურიხმა“ „ბაზელს“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა. სტუმრებმა 2:0 მოიგეს, ხოლო ქართველი მცველი 90 წუთი დაცვის მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა. „ციურიხს“ 27 თამაშში 33 ქულა აქვს მოპოვებული, მეოთხე ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ბელგიის იუპილერ ლიგის საჩემპიონი ზონაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო ქართველების „გენტმა“. იეს თორუპის გუნდი შინ ლიეჟის „სტანდარდთან“ 1:2 დამარცხდა.

გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ სათამაშოდ მზად არაა და განაცხადშიც არ ყოფილა, ხოლო გიორგი ქვილითაია მოედანზე ოდენ 82-ე წუთიდან გამოჩნდა. ქართველ ფორვარდს თორუპი არაფრის დიდებით არ სწყალობს... „გენტი“ საჩემპიონო დივიზიონში 25 ქულით ბოლო, მე-6 ადგილზეა და მაქსიმუმი ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა თუ იქნება.

0.064311