ფეხბურთი

21:15 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი იტალიაში: კინი დაიცვეს, ბონუჩი გააკრიტიკეს

იტალიაში რასისტული გამოხტომები აღარავის უკვირს, თუნდაც 21-ე საუკუნეში. ამის ნათელი მაგალითი გუშინდელი ფაქტია, რომელიც კალიარიში მოხდა. „იუვენტუსმა“ ადგილობრივი გუნდი „კალიარი“ 2:0 დაამარცხა და მეორე გოლი ყველაფრის მიზეზი გახდა.

85-ე წუთზე მოიზე კინმა გაიტანა და გოლი მასპინძელი გუნდის ფანების წინ აღნიშნა. ამან სარდინიელების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც რასისტული შეძახილები მოჰყვა კინის მისამართით.

მომხდარზე კომენტარი ყველამ გააკეთა, ვისაც არ დაეზარა. მაგალითად, ჯორჯო კიელინიმ 19 წლის თანაგუნდელი დაიცვა:

„მოიზეს არაფერი გაუკეთებია. ის პოზიტიური ბიჭია და ერთადერთი, რაც ამ თამაშში შეეშალა, სიმულაცია იყო პირველ ტაიმში. თუმცა, ამასაც ისწავლის და იცის, რომ აღარ უნდა გაიმეოროს“.

მასიმილიანო ალეგრიმ შეგირდი თან დაიცვა და თან არა:

„გოლი ასე არ უნდა აღენიშნა. ცხადია, პუბლიკის მსგავსი რეაქციები თავიდან უნდა ავიცილოთ“.

კინის საქციელი დიდად არ მოეწონა ლეონარდო ბონუჩისაც, რომელმაც ჩათვალა, რომ მან პუბლიკა გამოიწვია:

„მომხდარში ორივე მხარე თანაბრადაა დამნაშავე. კინს გოლი გუნდთან ერთად უნდა აღენიშნა. დანაშაულო 50%-50%-ზეა, კინსაც მიუძღვის წვლილი და ქომაგებსაც“, - თქვა ლეონარდომ.

იტალიელი მცველის ეს განცხადება კი, სოციალურ ქსელში საყოველთაო განსჯის საკითხი გახდა. რაჰიმ სტერლინგმა ინსტაგრამის სთორიში ბონუჩი მონიშნა და იურონიული პოსტი მიუძღვნა. უფრო რადიკალური იყო მარიო ბალოტელი, ბონუჩის ყოფილი თანაგუნდელი „ინტერის“ აკადემიიდან და იტალიის ნაკრებიდან:

„ყოჩაღ კინი! ბონუჩი, გაგიმართლა, რომ იმ მომენტში იქ არ ვიყავი. იმის მაგივრად, რომ კინი დაეცვა, ეს გააკეთა? გეფიცებით, შოკში ვარ“, - დაწერა სოციალურ ქსელში მარიომ.

მოვლენებს არც „ლიონის“ ჰოლანდიელი შემტევი მემფის დეპაი ჩამორჩა:

„როგორც „იუვენტუსის“ კაპიტანი, შენი რეაქციით იმედგაცრუებული ვარ. ბიჭმა გოლი აღნიშნა ისე, როგორც თავად უნდოდა. იტალიელებმა უნდა იამაყოთ მისით, რადგან ის იტალიის ნაკრებში სიამაყით თამაშობს და ეს პატივისცემას იმსახურებს“, - ეს დეპაის რეაქია იყო.

ფეხბურთელების გარდა, ბონუჩის სიტყვებს „დორტმუნდის“ ტვიტერის გვერდიც გამოეხმაურა, სადაც განთავსდა ფოტო, თუ როგორ ატყუებს მარკო როისი ბონუჩის - ყველაფერი ნათელია.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „კალიარი“ სწორედ ამ ამბავის მთავარი გმირების, ლეონარდო ბონუჩისა და მოიზე კინის გოლებით დაამარცხა.

0.115913