ფეხბურთი

20:20 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

6 თამაში და 15 ქულა - "მანჩესტერისთვის" ოთხეული სათუო გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრემიერლიგაში ოთხეულში მოხვედრა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება კითხვის ნიშნის ქვეშაა. „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი შეგირდებს დარჩენილ 6 ტურში 15 ქულის მოპოვებას უსახავს მიზნად.

„შვიდი მატჩიდან 15 ქულა უნდა მოგვეპოვებინა, ახლა კი 6 თამაში დაგვრჩა და 15 ქულა ისევ უნდა დავაგროვოთ. შესაბამისად, ქულების დაკარგვის ფუფუნება აღარ გვაქვს.

ეს უფრო რთული იქნება, ვიდრე აქამდე, მაგრამ ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და მეტოქეებისთვის ჩვენთან თამაში რთული იქნება. წესით, სამეულში უნდა ვიყოთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩი „ვულვზთან“ 1:2 წააგო. „წითელ ეშმაკებს“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 61 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. მესამე ადგილთან ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულაა, თუმცა მის უშუალო კონკურენტებს („არსენალი“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“) ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„მანჩესტერს“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად გადამწყვეტი მატჩების ჩატარება „ვესტ ჰემის“, „ევერტონის“, „სიტის“, „ჩელსის“, „ჰადერსფილდისა“ და „კარდიფის“ წინააღმდეგ მოუწევს. კალენდარი კი, არც ისე ადვილია.

0.125