საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ცენტალური მატჩი სამტრედიაში შედგა. „ეროსი მანჯგალაძეზე“ ქართული დერბი შედგა, „ტორპედოსა“ და „დინამოს“ შორის.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში სხვა ქალაქში გაიმართა, გულშემატკვრის ნაკლებობას ეს თამაში ნამდვილად არ უჩიოდა. არც სანახაობრივი ეპიზოდების სიმცირეს, მაგრამ ერთადერთი, რაც ქართულ დერბს დააკლდა, გოლები იყო.
არადა, მოსაწყენი თამაში არ ყოფილა, მეტიც, მისი სცენარიდან გამომდინარე, ცოტა ალოგიკური ანგარიშიც დაფიქსირდა, მაგრამ ნურც როინ კვასხვაძესა და ხოსე პერალესს დავუკარგავთ საიმედო გარჯას. გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და საწყის 10 წუთში ორი გუნდს ძალიან მაგარი შანსი მიეცა. ჯერ ქიმაძის დიდებული ჩაოწდების მერე ბუდუ ზივზივაძემ თავით დაარტყა და ხარიხამ გადაარჩინა „დინამო“, რომლის პასუხს არ დაუგვიანია. ლევან კუტალიამ ლევან შენგელია მეკარეს შეატოვა და კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. პრინციპიში, პირველ ტაიმში ეს ყველაზე საინტერესო ეპიზოდები იყო და დარჩენილმა დრომ ბრძოლაში გასტანა.
სამაგიეროდ, სახიფათო მომენტებით დახუნძლული გამოდგა მეორე ნახევარი. ფრან კარბიას დასაწყისშივე შეეძლო გატანა. ესპანელი თავით 3 მეტრიდან ურტყამდა და კვასხვაძემ შესაშური რეაქცია გამოავლინა. საპასუხოდ, ვიზავის არც პერალესი ჩამორჩენია, რომელმაც ჯერ მათე ცინცაძეს აუღო რთული დარტყა, მერე კი რიჩარდ ლუკასაც აჯობა. რიგ ეპიზოდებში ტორპედოელებს სიზუსტე აკლდებოდათ. ნოდარ ქავთარაძემ მახვილი კუთხიდან სცადა გატანა და ოდნავ ააცილა, ხოლო ბოლოსკენ რიჩარდ ლუკამ ვერ დაარტყა, მსაჯის კომპენსირებულ დროში. საპასუხოდ, ლევან კუტალია ვარდნაში ეფექტურად დაემუქრა ყოფილი გუნდის კარის, მაგრამ კვასხვაძემ ისევ დამაჯერებელი იყო.
საბოლოოდ, დუელში გამარჯვებულები მეკარეები გამოვიდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ეს პირველი ფრე იყო მიმდინარე სეზონში, როგორც „დინამოსთვის“, ისე „ტორპედოსთვის“, რომლებიც 10-10 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
„ტორპედო“ – „დინამო“ (თბ) 0:0 (0:0)
სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“
„ტორპედო“ (4-4-2): კვასხვაძე; გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე; დოლიძე (რიჩარდ ლუკა 62), გიგაური, ცინცაძე (ჩაჩუა 83), ქავთარაძე; ზივზივაძე, კაპანაძე (წიქარიძე 62)
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
„დინამო“ (4-2-3-1): პერალესი; რუხაია, მეჯუბი, მონხილი, კობოური (იაშვილი 76); ქარდავა, პაპავა; შენგელია, კუხიანიძე (ზარია 61), კარბია (ივანისენია 69); კუტალია
მწვრთნელი: ფელის ვისენტე
გაფრთხილება: გიგაური (24), ცინცაძე (27), კაპანაძე (35) - კარბია (43)
მსაჯი: ჯენერი ხორავა