საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი უახლოეს მომავალში ქვეყანას დატოვებს. დათუნაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერილ განცხადებაში წერს, რომ კარიერის შესანარჩუნებლად მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თავის საქმეს გააცნობს და დაუსაბუთებს თუ როგორ, მიზანმიმართულად ხდება მისი დაჩაგვრა.
"გამარჯობა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი 23 თებერვალს გაიმართა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელსაც მეც ვესწრებოდი და რომელზეც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო გეგა გეგეშიძეს სპორტის სასახლეში ჩადენილ საქციელზე თანამდებობის დატოვებით ეგო პასუხი. თუმცა სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მსჯელობაც არ ყოფილა და ერთადერთ გამოსავლად პრეზიდიუმის წევრებმა ჩემი გეგასთან შერიგება მიიჩნეს.
როგორც 23 თებერვალსვე განვაცხადე, მე ამაზე ვთქვი უარი და ცალსახად აღვნიშნე, რომ გეგა გეგეშიძისა და მისი გუნდის ფედერაციის სათავეში ყოფნის პირობებში ნაკრებთან ერთად ვარჯიშს აღარ გავაგრძელებდი. პრეზიდიუმის წევრებს ვუთხარი, რომ თუკი ისინი არ აპირებენ გეგა გეგეშიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, მაშინ ჩემთვის მოეცათ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება, რადგან სპორტული კარიერა შემენარჩუნებინა. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.
არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა. მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემთვის ჭიდაობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის 22 წელია ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე - იძულებული გამხადეს კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამდენი ფაქტის, მტკიცებულებისა და არგუმენტის ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა გახდა შეუძლებელი. ახლა კიდევ უფრო გასაგები ხდება სხვა სპორტსმენების დუმილი, რადგან როგორც აღმოჩნდა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე არის ხელშეუხებელი და რაც არ უნდა ჩაიდინოს, მას პასუხისგება არ უწევს. როგორც მე დავდექი იმის წინაშე, რომ იძულებული ვარ კარიერა დავასრულო, ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ სხვებიც. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ვინც ჩემ გვერდით არის ფედერაციამ მათთან ანგარიშწორება უკვე დაიწყო, მაგალითად მწვრთნელ ზურა შელიას მოუხსნეს ხელფასი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფედერაცია მუდმივად აცხადებდა, რომ ნაკრებთან ვარჯიში გამეგრძელებინა და რომ ყველანაირი პირობა შემექმნებოდა, ამის პარალელურად მეც მომიხსნეს ხელფასი. რეალურად, მას შემდეგ რაც ზემდგომი პირების მიერ არაჯანსაღი გარემოს შექმნაზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბარი დავიწყე, ჩემ მიმართ სხვადასხვა მეთოდით ბრძოლა დაიწყეს და პრობლემების შექმნას ყველანაირად ცდილობდნენ. ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად მესმის იმ ბიჭების, რომლებმაც საკუთარი კარიერის გადარჩენის გამო არჩიეს სიჩუმე, თუმცა ერთადერთი რაც არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ არის იმ სპორტსმენების და რა მარტო სპორტსმენების დამოკიდებულება, რომლებიც სიჩუმეს ე.წ. "ძველბიჭური" მენტალიტეტით ხსნიდნენ. რეალურად კი დადგნენ უღირსი პოლიციელის გვერდით, რომელიც ადამიანების ცემაში ფულს იღებს და ამით საქვეყნოდ ცნობილია. ასეთ საქციელს ჰქვია ვირთხობა და არა "ძველბიჭობა". მე კი პატივს სიმართლის მთქმელ ადამიანებს ვცემ და არა სისტემის ვირთხებს.
როგორც უკვე აღვნიშნე, იძულებული გამხადეს მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა, თუმცა რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული და სხვა საქმიანობით არც არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა - ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია. ამასთან, იძულებული ვარ უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სიმართლეა და სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელებასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ.
ვიცი, რომ პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა საბოლოო გადაწყვეტილებას, ამ ხნის განმავლობაში მომდიოდა უამრავი შეტყობინება, შესაბამისად თავი ვალდებულად ჩავთვალე, საზოგადოებისთვის გამეცნო პასუხი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტისგან მივიღე." - წერს ზურაბ დათუნაშვილი.