ძიუდო

16:24 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

4 მედლის შანსი თბილისის გრან პრის სასტარტო დღეს
ქართული ტურნირის ფინალში ჩხვიმიანსა და თუთაშვილს ვიხილავთ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქ. 15ა. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) სტარტი აიღო ძიუდოში გრან პრის გათამაშებამ, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი უკვე მეექვსედ მასპინძლობს.

შეჯიბრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ჩასათვლელ ქულებს იძლევა. თბილისის გრან პრიზე, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია, 52 ქვეყნის 400-ზე მეტი ძიუდოისტია დარეგისტრირებული.
გასაკვირი არაა, რომ ყველაზე დიდი წარმომადგენლობა საქართველოს ნაკრებს ჰყავს: 28 ვაჟი და 9 ქალი. დღეს ტურნირმა სტარტი ხუთ წონით კატეგორიაში აიღო – 60 და 66 კგ. ვაჟებში და 48, 52 და 57 კგ. ქალებში.
ფინალური ბლოკი სტარტს 17:00 საათზე აიღებს და ქართველ ძიუდოისტებს 4 მედლის აღების შანსი აქვთ. ქართველი ვაჟები ორივე აღნიშნული წონითი კატეგორიის ფინალში არიან გასულნი და ორი ჩვენებურიც ამავე წონებში ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს.
60 კგ-ში გრან პრის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალამდე 3 მეტოქე ჩამოიცილა. ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახ ჟაკსიბეკ ჟენისბეკსა და ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დამატებით დროებში აჯობა, ნახევარფინალში კი მონღოლი ბოლდბაატარ განბატი დააიპონა. გადამწყვეტ შერკინებაში ლუხუმის მეტოქე ფრანგი ვალიდ ხიარი იქნება.
ამავე წონაში ბრინჯაოს აღების შანსი აქვს ჯაბა პაპინაშვილს, რომელთანაც უკრაინელი დილშოტ ხალმატოვი ჰანსოკუ-მაკეთი მოხსნეს, მეოთხედფინალში კი ჩვენებურს სწორედ ხსენებულმა განბატმა აჯობა “გოლდენ სქორში”. ჯაბამ რეპეშაჟში კიტადაი იპონზე დასცა და საღამოს უკრაინელ არტიომ ლესიუკთან შერკინება ელის.
60 კგ-შივე თურქმენი ჰაკბერდი ჯუმაიევის ძლევის კვალად, მომავალ ფინალისტ ხიარს ვერ გაუმკლავდა ირაკლი კუპატაძე, თემურ ნოზაძემ ლესიუკთან წააგო, მანამდე კი, აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს აჯობა.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა გიორგი თუთაშვილმა, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ძიუდოისტი გახლდათ.
20 წლის თუთაშვილი გასული წლის მიწურულს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილზე გავიდა, დღეს კი, ჩინებული ჭიდაობა შემოგვთავაზა და 4 მოწინააღმდეგის დაჯაბვნის წყალობით, ფინალის საგზური მოიპოვა.
გიორგიმ პორტუგალიელი სერჟიუ ოლეინიკი, აზერბაიჯანელი ილკინ ბაბაზადა და მონღოლი ალტანსუხ დოვდონი ვაზარით დაჯაბნა, ნახევარფინალში კი ინდოელ სინგჰ იასლეენ საინისთან დრამატული ორთაბრძოლა გადაიტანა.
თუთაშვილი აზიელს ვაზარით ამარცხებდა და გამათანაბრებელი ილეთი ზედ ბოლო წამზე გაუშვა, თუმცა, არ გატყდა, დამატებით დროში იაქტიურა და ინდოელი იპონზე დაანარცხა.
ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ისრაელის ნაკრების გამოცდილი წევრი – მსოფლიო რეიტინგის მეექვსეადგილოსანი ტალ ფლიკერი იქნება, რომელსაც ზურგს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლები უმაგრებს.
ამავე წონაში კვარცხლბეკზე ასვლის შანსი აქვს ბაგრატ ნინიაშვილს, რომელსაც საწყის წრეებში ირლანდიელი ნათონ ბარნსი და რუსი ანზაურ არდანოვი დააიპონა, მეოთხედფინალში კი ხსენებულ საინისთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. რეპეშაჟში ბაგრატმა მონღოლ დოვდონს ვაზარით სძლია, მე-3 ადგილისთვის კი აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰომოვს დაუპირისპირდება.
ამავე წონაში ნიკო ჭიკაიძემ უკრაინელი არტიომ ფალკივსკი იპონზე დასცა, რასაც აღნიშნილ იბრაჰიმოვთან ასევე იპონით მარცხი მოჰყვა. სამწუხაროდ, პირველივე ორთაბრძოლა ბელარუს დმიტრი შერშანთან ვაზარით დათმო გიორგი გუგულაშვილმა.
ქართველ გოგონათაგან კვარცხლბეკთან ყველაზე ახლოს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) იყო, რომელმაც საწყის წრეებში 2 ურთულესი შეხვედრა მოიგო კუბელ ანაილის დორვინისთანა და გერმანელ საპჰო კობანთან (ორივეს ვაზარით ჩამორჩებოდა), მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან ვაზარით დამარცხდა, რეპეშაჟში კი პოლონელ ანა ბოროვსკასთან იპონით წააგო (ვაზარის უპირატესობა თავად ვერ შეინარჩუნა).
48 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნატალია ყიფშიძემ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო, როდესაც მერვედფინალში ქალთა ძიუდოს ვარსკვლავ – უკრაინელ დარია ბილოდიდთან იპონით დამარცხდა, მანამდე კი, თურქმენი აზიზა ნაზაროვა დააიპონა. მარი მახარაშვილმა ბრიტანელ კიმბერლი რენიკს ვაზარი აართვა, რასაც ბილოდიდის დარად, მომავალ ფინალისტ – ფრანგ მელანი კლემენტთან დაამატებით დროში წაგება მოჰყვა, მარიამ ციხელაშვილი კი სასტარტო რაუნდში ბრაზილიელ ნატალია ბრიგიდას ვერ გაუმკლავდა.
52 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს 2 წარმომადგენელი ჰყავდა, თუმცა, თავი ვერცერთმა ისახელა. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი პირველივე წრეში თურქმენ გულბადამ ბაბამურატოვასთან იპონით დამარცხდა, მარიამ ჯანაშვილმა კი ასევე წმინდად წააგო ფრანგ ფაიზა მოკდართან.

0.2617