ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს (EB) სხდომაზე ძალოსნობას პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩართვის პირობითი სტატუსი მიენიჭა.
IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ დადებითად შეაფასა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მიერ ბოლო 18 თვის განმავლობაში ანტისადოპინგო პროგრამის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები.
IWF მიესალმება IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც პირობითი სტატუსი შეიცვლება მაშინ, როდესაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია რამდენიმე მოთხოვნას შეასრულებს.
უმთავრეს მოთხოვნათა შორის არის ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან (ITA) სრულფორმატიანი შეთანხმების გაფორმება.
IOC-ის სპორტული დირექტორის კიტ მაკონელის განმარტებით, ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ, ოლიმპიურ პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის პირობითი სტატუსი ავტომატურად გაუქმდება.
„სუფთა" შეჯიბრებებთან IWF-ის ერთგულებამ ჩვენი სპორტის სახეობა შეცვალა. ვხედავთ, რომ ძალოსნები ახალ წონით კატეგორიებში გამოდიან, იბრძვიან მსოფლიო რეკორდების ახალი სტანდარტებისთვის და წარმოადგენენ უფრო ბევრ ქვეყანას. IWF-მა ყოველივეს მიაღწია გამოცდილი პარტნიორების დახმარებით. მათშორის არიან IOC, WADA, ITA და USADA. ეჭვი არ მეპარება, რომ უახლოეს ხანებში სრულად შევძლებთ თანამშრომლობას ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან, რაც სრულად დააკმაყოფილებს IOC-ს," - განაცხადა IWF-ის პრეზიდენტმა ტამაშ აიანმა.
2017 წლის ივნისში IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ თუ IWF თავის სახეობაში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას არ გააძლიერებდა, შესაძლოა, 2024 წლის ოლიმპიური პროგრამაში ძალოსნობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დამდგარიყო.
www.geonoc.org.ge