სხვა

21:00 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერ მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ესტუმრა

დღეს, საქართველოს ძალოსნობის ნაკრებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ესტუმრა.

მოგეხსენებათ, რომ ბათუმი 6-13 აპრილს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.
კონტინენტის პირველობისთვის ძალოსნობის ფედერაცია როგორც სანაკრებო, ისე საორგანიზაციო საკითხებზე აქტიურად მუშაობს. ევროპის ჩემპიონატის სამზადისის გასაცნობად მამუკა ბახტაძე აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ - მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერ მინისტრს ჩემპიონატის მოსამზადებელი პროცესი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა გააცნო, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ კი სტუმრებს ნაკრების წევრების სავარჯიშო პროცესი გააცნო.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მამუკა ბახტაძე ჩაქვის ძალოსნობის დარბაზის საკითხითაც დაინტერესდა და შესაბამის უწყებებს საქმის დროულად გადაჭრისკენ მოუწოდა.

შეხვედრის დასასრულს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა საქართველოს პრემიერ მინისტრს ევროპის ჩემპიონატის სამივე სინჯის მედლები გადასცა.

"6 აპრილს ჩვენ ვმასპინძლობთ ევროპის თასს ძალოსნობაში. ვემზადებით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობისთვის ძალიან მაღალ დონეზე. იცით უკვე გვაქვს უნიკალური მიღწევები ძალოსნობაში ჩვენს ნაკრებში. ყოველი მესამე არის ევროპის ჩემპიონი და ყოველი მეორე არის მსოფლიო ჩემპიონი და ეს არის უნიკალური წარმატება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ფედერაციის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და ჩვენს სახელოვან სპორცმენებს, რომლებმაც ბოლო წლებში გაგვანებივრეს ასეთი წარმატებებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატი ბათუმში იქნება ძალიან წარმატებული ჩვენთვის და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა გავუწიოთ პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანას და ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ სამშობლო დიდი ჩემპიონებისა, არამედ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მსგავსი საერთაშორისო ტურნირების დაგეგმვა ძალიან მაღალ დონეზე," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.121889