ურეკში დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში. ბოლო ტურის წინ, ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა აჭარის წარმომადგენელი “ნონა”, რომელმაც ექვს ტურში 11 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს – “კახეთს” და “რუსთავს” 2-2 ქულით უსწრებს.
გუშინ “ნონამ” ზედმეტი პრობლემების გარეშე “ქუთაისი” დაამარცხა – 3.5:1.5, გადამწყვეტი მოგებები კი, ნინო ბაციაშვილმა (2426) და სალომე მელიამ (2464), შესაბამისად, ზურაბ ჯავახაძესთან (2423) და მერი არაბიძესთან (2411) იზეიმეს.
“კახეთმა” საუკეთესო რეიტინგის მქონე “თბილისთან” ყაიმი (2.5:2.5) გააფორმა, ხოლო “რუსთავმა” “სამეგრელო” 5:0 გაანადგურა.
დასკვნით ტურში, რომელიც 3 ოქტომბერს შედგება, “ნონა” “თბილისს” ეთამაშება. დიდ ინტერესს იწვევს “კახეთის” და “რუსთავის” დაპირისპირებაც.