საქართველოს ნაკრებმა დუბლინში, ირლანდიასთან (0:1) წააგო და ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ორი ტურის შემდეგ უქულოდ D ჯგუფის ბოლო საფეხურზეა.
პირდაპირ ვთქვათ - ეს იყო ცუდი თამაში და საქართველოს ნაკრებს არ უჩვენებია ისეთი ხარისხი, რომელსაც ვისურვებდით. ორი საგოლე მომენტი და აქედან ერთი, კონკრეტული ფეხბურთელის დამსახურებით, 90 წუთში ძალიან ცოტაა.
იყო ბევრი შეცდომა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც „ჯვაროსნებს“ ძალიან უჭირდათ გააზრებული კომბინაციის გაკეთებას ვინ ჩივის, ორი-სამი ზუსტი პასის გაკეთება და მეტოქის პრესინგისგან თავის დაღწევა. შედეგად, ვაისი გუნდი დაცვიდან შეტევაში მხოლოდ გრძელი გადაცემებით ცდილობდა გადასვლას და რა გასაკვირია რომ არ იმუშავა.
შედარებით გამოსწორდა ვითარება მეორე ნახევარში, როდესაც ირლანდიამ უკან დაიხია, ბურთიც დათმო და პრესინგითაც მეტოქის ნახევარზე (იშვიათი გამონაკლისების გარდა) თავს არ იწუხებდა. თუმცა, საქართველომ ვერც ამ შემთხვევაში მოძებნა გასაღები, რომელიც საჯარიმოში შეგვიყვანდა, რაც საგოლე შანსი შექმნას ერთ-ორად გააადვილებდა.
ვლადიმირ ვაისმა კი, მარცხენა მცველის პოზიციაზე ისევ ცენტრალური მცველი ათამაშა, რითაც იმთავითვე ჩაკლა განაპირა მცველის შეტევაში ჩართვის შესაძლებლობა. ალბათ, ეს ერთი შეცდომა იყო, დაგვიანდა ცვლილებებიც (ტრადიციულად). ალბათ, რომ არა დავით ხოჭოლავას ტრავმა ვაისი პირველ შეცვლას 73-ე წუთისთვის გააკეთებდა. არადა, უცნაურია, სლოვაკი გამუდმებით ამბობს, რომ ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები სათანადო არაა და მას არ შეუძლია ისინი ამ კუთხით მოამზადოს. ამაში არ ვედავებით, მოთამაშეები კლუბებში უნდა იყვნენ შესაბამის ფიზიკურ კონდიციებში, რადგან 4-5 დღეში ან სულაც 1 კვირაში ამის აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ... მაგრამ თუ ფიზიკური კონდიცია პრობლემაა (და ვთანხმდებით, რომ პრობლემაა), რატომ თამაშობს ნაკრები სასტარტო შემადგენლობით ლამის 80 წუთს? არ აჯობებდა, ბოძებული შანსის გამოყენა და სამივე ცვლილების დროულად გაკეთება? ამით მაინც დაბალანსდებოდა (ასე თუ ისე) ეს საკითხი. ვაისმა დააგვიანა. ვაისი ალბათ გათვლაშიც შეცდა. ცოტა მეტი რისკი და უფრო მეტად შემტევი ფეხბურთი შესაძლოა ყოფილიყო წარმატების გასაღები. და კიდევ, გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე საქართველოს ნაკრებს შეტევაში 180 წუთის განმავლობაში არაფერი გამოსვლია - NO CHAKVETADZE, NO PARTY...
WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს:
გიორგი ლორია 5.5 - გუნდის გადარჩენა ორჯერ იყო საჭირო და ორჯერვე კონორ ჰურიჰეინისგან. პირველი დუელი ქართველმა მოიგო, როდესაც პირისპირ დიდებული სეივით აჯობა. თუმცა, მეორე დუელი ირლანდიელმა მოიგო. ჰურიჰეინმა ჯარიმა ძალიან კარგად დაარტყა. თუმცა, ლორიამ დააგვიანა და არც ცოცხალი კედელი იყო იდეალურად აღმართული.
ოთარ კაკაბაძე 5.5 - ფლანგზე თუ ვინმე თამაშის გამწვავებას სცდილობდა ან საჯარიმოში აწვდიდა, ეს მხოლოდ კაკაბაძე იყო. თუმცა, დაცვაში ბევრი წუნი ჰქონდა. განსაკუთრებით საწყის წუთებში, როცა რამდნეჯერმე უხეშაც შეცდა და არაზუსტი გადაცემებით მეტოქეს ჩააბარა ბურთი. იდეალური ფორმისგან რომ შორსაა, ეს ცხადია და გასაკვირიც არაა.
თორნიკე ოქრიაშვილი შ.გ - მხოლოდ 5 წუთი ითამაშა და ერთხელ უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი. ფორმაში არაა. უგუნდოდ ყოფნა ბუნებრივია ეტყობა.
სოლომონ კვირკველია 6 - გაცილებით მაღალ შეფასებას მიიღებდა, რომ არა დევიდ მაკგოლდრიკთან მეორე ტაიმის შუაში დაშვებული პოზიციური შეცდომა. ბურთი თავზე გადაახტა და მეტოქე მეკარეს შეატოვა. ეს მართლაც დიდი ხარვეზი იყო, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში პოზიციურად იდეალურად თამაშობდა. მეორე სართულზეც ირლანდიელებისთვის შანსი არ მიუცია. მთლიანობაში კარგი მატჩი ჩაატარა.
გურამ კაშია 6 - გურამ კაშიასაც არ ჰქონია ურიგო მატჩი. საერთოდ, ამ შეხვედრაში ცენტრალური მცველების მიმართ ყველაზე ნაკლები პრეტენზია უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მაკგოლდრიკი თითქმის ყველა დუელში გამარჯვებული გამოდიოდა, ფაქტია, დაცვის ცენტრის ზონიდან გოლი არ გასულა და არც განსაკუთრებული ხიფათი შექმნილა (პირველ ტაიმის ერთი მომენტის გარდა, რომელიც კაშიას ცუდი პასით დაიბადა, როცა ლორიამ ივარგა). თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზი არ ჰქონია, მეორე ტაიმში ერთხელ მინიმუმ საგოლე მომენტისგან იხსნა თანაგუნდელები.
დავით ხოჭოლავა 6 - მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა, ამიტომ ბევრს ვერ მოვთხოვთ. დაცვაში არ გარჯილა ურიგოდ, მაგრამ შეტევაში რომ ვერ ერთვებოდა, ეს არ გვიკვირს...
ლევან ხარაბაძე შ.გ - 19 წლის ქართველი მცველის დებიუტიც ვიხილეთ. ორჯერ აიღო თამაში საკუთარ თავზე, თუმცა, მის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. იქნებ, თავიდან რომ ეთამაშა, უკეთესიც ყოფილიყო, ვინ იცის...
ნიკა კვეკვესკირი 6 - შვეიცარიასთან მატჩთან შედარებით უკეთ ითამაშა. ნახევარდაცვაში ალბათ გამორჩეული იყო, ბურთს იშვიათად კარგავდა და საქართველოს ნაკრების ყველაზე ხეირიანი და გააზრებული შეტევაც მისი დაწყებულია პირველი ტაიმის მიწურულს.
ჯაბა კანკავა 6 - ჯაბას შეეძლო გუნდის გადარჩენა, 84-ე წუთზე 30 მეტრიდან გაისროლა და ძელს მოხვდა ბურთი. არ გაუმართლა, ულამაზესი გოლი გაჰქონდა... ისე კი, ხარვეზი ბევრი ჰქონდა. პირველ ტაიმში კაშიას არცთუ კარგი გადაცემისას ბურთზე თამაში დააგვიანა და კინაღამ გოლად დაგვიჯდა. დასაწყისშივე მიიღო ყვითელი ბარათი და ამან გარკვეულწილად მის თამაშზე გავლენა იქონია, ობრთაბრძოლებს ერიდებოდა და გასაგებია.
ვაკო გვილია 5 - ერთი შეხედვით აქტიურობდა, მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია. ყველაზე რეალური მომენტი მას ჰქონდა, ძალიან ცუდად დაარტყა, როდესაც რენდოლფმა აჯობა, არადა, უნდა გაეტანა ისეთი ეპიზოდი იყო. მეორე ტაიმშიც, ორი-სამი იდეაში ძალიან სახიფათო შეტევა გაუგებარი და ცუდი პასით გააფუჭა. სტანდარტებს ასრულებდა, მაგრამ შედეგი ამასაც არ გამოუღია. ალბათ, მას შემდეგ, რაც ეროვნულ ნაკრებშია, ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა. თუმცა, ხდება...
ოთარ კიტეიშვილი 7 - საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო. შესაძლოა, რიგ მომენტებში არ ჩანდა, მაგრამ ყველგან იყო. დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევაშიც ცდილობდა აქტიურობას. თანაც, არ უთამაშია თავის საყვარელ პოზიციაზე. პირველი ტაიმის ბოლოს, კვეკვესკირის გადაცემისას, მეორე სართულზე გაცილებით ტანმაღალ მეტოქეს მეორე სართულზე აჯობა და გვილიას პრაქტიკულად საგოლე გადაცემა გაუკეთა. მეორე ნახევარშიც ყველაზე გააზრებულად ირჯებოდა, კარისკენაც გაისროლა კარგი პოზიციიდან, თუმცა ბურთი კარს ზემოდან გადაცდა.
ვატო არველაძე 5.5 - ვატო არველაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ერთი შეხებით რამდენჯერმე კარგად იმოქმედა, თუმცა, პირველი მღელვარება ეტყობოდა და გასაკვირი არაა.
ვაკო ყაზაიშვილი შ.გ - ვაისმა მისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი თადარიგში დატოვა. მის გამოსვლას კი შედეგი არ გამოუღია და არც გუნდის თამაში გამწვავებულა.
გიორგი ქვილითაია 6 - პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების თამაში მხოლოდ მასზე იყო აწყობილი. გრძელი გადაცემა და გიორგის ბურთი თანაგუნდელებისთვის უნდა დაეგდო. ზოგჯერ გამოუვიდა, ზოგჯერ - არა. გვილიას დარტყმულისა და რენდოლფის სეივის შემდეგ კი, შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი მოხვდა, ვერ მოიხელთა. მეორე ნახევარში რამდენიმე მწვავე გადაცემა გააკეთა ფლანგზე, მაგრამ ფაქტია, მისი პლიუსები ვერ გამოიყენა გუნდმა და საჯარიმოში ზუსტი გადაცემა ვერ გაუკეთეს. ერთი-ორჯერ მეტოქეს ბურთიც მოპარა, მაგრამ ხეირი არც ამისგან გამოსულა.