კალათბურთი

20:35 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ევროპამ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობის 7 კანდიდატი, მათ შორის საქართველო ოფიციალურად დაასახელა

ფიბა-ევროპამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ განაცხადი 7-მა ქვეყანამ გააკეთა. მათგან ერთ-ერთი საქართველოა, რაც ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ 5 დღის წინ, ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის განცხადებიდან შეიტყო.

დღეს კი ფიბა-ევროპის ოფიციალური განცხადებიდან იმ დანარჩენი 6 გუნდის ვინაობაც გაცხადდა, რომლებმაც კონტინენტის პირველობის სამასპინძლოდ განაცხადი შეიტანეს.

ესენი არიან: ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, სლოვენია და რა თქმა უნდა, საქართველო. ამ 7 ქვეყნიდან ფიბა-ევროპის ბორდი მიმდინარე წლის ივლისში იმ 4-ს შეარჩევს, რომლებიც 2021 წლის შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფებს უმასპინძლებენ. მანამდე კი ფიბა-ევროპა შეისწავლის თითოეული კანდიდატის საკალათბურთო პოტენციალს და გადაწყვეტილების მიღების წინ ნათელ სურათს წარუდგენს ბორდის წევრებს.

კონტინენტის ჩემპიონატის ზიარად მასპინძლობა უკვე კარგად აპრობირებული პრაქტიკაა ევროპაში. 2015 და 2017 წლების ევროპირველობებს 4-4-მა ქვეყანამ უმასპინძლა და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის წინასარი სურვილი გასულ იანვარში 13-მა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა მოთხოვნების დაკმაყოფილება და განაცხადის ოფიციალურად წარდგენა 7-მა მათგანმა შეძლო.

კამილ ნოვაკი, ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი: “ეროვნული ფედერაციების მხრიდან ასეთი აქტივობა მოწმობს იმას, რომ ევრობასკეტის მასპინძლობის სურვილი უპრეცედენტოდ მაღალია. ჩვენ გვჯერა, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ჩვენ შევარჩევთ 4 იდეალურ მასპინძელს, როგორც ეს გავაკეთეთ გასული 2 ევრობასკეტის შემთხვევაში”.

თუკი ფიბა-ევროპის ბორდი საქართველოს თანამასპინძლად შეარჩევს, თბილისში 2021 წლის შემოდგომაზე ევრობასკეტის 5 მონაწილე შეიკრიბება, რომლებსაც საქართველო დაემატება და ჩატარდება ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები. ჯგუფის 6 მონაწილედან 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა. პლეი ოფის თამაშები 4 მასპინელი ქვეყნიდან ერთ-ერთში გაიმართება.

ევროპასკეტის მასპინძელი 4 ქვეყნის ნაკრები საკვალიფიკაციო მატჩებს არ ითამაშებს და ფინალურ ეტაპზე პირდაპირ დაიშვება.

www.gbf.ge

0.112284