კალათბურთი

21:57 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილის 30 ქულა ესპანეთში

ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ლუკა ბულაშვილმა.

ქართველი უკანახაზელის "კულერედომ" სტუმრად ლუგოს “ესტუდიანტესთან” 72:86 წააგო, ჩვენებურმა კი 35 წუთში 30 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ბულაშვილმა 13-დან 6 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და 13-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“კულერედოს” 15 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 30 მარტს, შინ, უახლოეს მდევარ “ხიხონთან” ჩაატარებს.
წარუმატებელი დღე ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსსაც”, რომელიც A-A ჯგუფში სტუმრად “გოიერისთან” 88:96 დამარცხდა.
18 წლის ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. რატიმ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“მირაფლორესი” 12 მოგებითა და 10 მარცხით მე-7 პოზიციაზეა, 30 მარტს კი, შინაურ კედლებში ერთპიროვნულ ლიდერ “არდოის” უმასპინძლებს.

0.113828