ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” “ობრადოირო” 74:63 დაამარცხა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ რომ შესვენებისთვის მეტოქეს 6 ქულით ჩამორჩებოდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 17:59 წუთი გაატარა და 4 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
მალაგელებმა 15 მოგება და 9 მარცხი მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 31 მარტს, სტუმრად, შერმადინის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ჩაატარებს.
მარცხიანი დღე ჰქონდა “ხუვენტუტს”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს.
ბადალონელებმა სტუმრად “ვალენსიასთან” 80:93 წააგეს, მაკფადენმა კი მოედანზე 23:23 წუთი გაატარა და 12 ქულა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
თადმა 3-ვე ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ხუვენტუტი” 14 მოგებითა და 10 მარცხით მე-6 პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას კი 30 მარტს, შინ, “ბრეოგანთან” გამართავს.