ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ ბელარუსიის ნაკრებმა პირადი ანტირეკორდი გაიმეორა. იგორ კრიუშენკოს გუნდმა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საწყისი ორი მატჩი ისტორიაში მესამედ წააგო.
ბელარუსებმა პირველ ტურში ჰოლანდიასთან (0:4), ხოლო მეორე ტურში ჩრდ. ირლანდიასთან (1:2) იწვნიეს მარცხი და მსგავსი ცუდი ბურთების ბალანსი ორი ტურის თავზე 17 წლის წინ ჰქონდათ.
მაშინ ჰოლანდიასთან (0:3) და ავსტრიასთან (0:2) წაგების შემდეგ. გარდა ამისა, ბელარუსის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც წააგო საწყისი ორი თამაში, მაგრამ ბურთების ბალანსი უკეთესი ჰქონდა - საქართველოსთან (0:1) და საფრანგეთთან (1:3).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს თბილისში, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში დაუპირისპირდება.