ფეხბურთი

2:25 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ და ესპანეთმა გამარჯვებებით დაიწყეს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა. D ჯგუფზე, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, უკვე დავწერეთ. ახლა კი, დარჩენილ ორ ჯგუფზეც ვთქვათ.

F ჯგუფში მასპინძელთა დღე იყო, თუმცა ადვილად არცერთს მოუგია. ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ მსვლელობა ვალენსიიდან დაიწყო, სადაც ნორვეგიას უმასპინძლა და მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო. როდრიგომ მშობლიური პუბლიკის წინაშე მალევე მოახერხა თავის გამოჩენა, რასაც ნორვეგიელებმა მეორე ტაიმის შუაწელს ზუსტი პენალტით უპასუხეს. „ფურია როხამ“ მაინც მოიგო, სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა - 2:1.

შვედეთის ნაკრებმა ანალოგიური ანგარიშით რუმინეთს აჯობა. სკანდინავიელებმა პირველი ტაიმი დიდებულად ჩაატარეს, რობინ ქუაისონმა დუბლი გაიფორმა და ვლახებმა ოდენ ის შეძლეს, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანეს. აუტსაიდერთა ჯახში კი, მალტამ ფარერებს პრინციპული თამაში მოუგო და შესარჩევი ეტაპი ჩინებულ ხასიათზე დაიწყო.

J ჯგუფში მოულოდნელობები არ ყოფილა, ფავორიტებმა მოიგეს. რობერტო მანჩინი ახალ იტალიას აშენებს და ფინეთთან მატჩში ბევრ ახალგაზრდას მისცა შანსი. სწორედ მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი. მე-7 წუთზე ნიკოლო ბარელმა გახსნა ანგარიში, ხოლო მატჩის მიწურულს მოიზე კინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კინს „სკუადრა აძურაში“ დებიუტი ჰქონდა და მშვენივრადაც ითამაშა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი იტალიის ნაკრების პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც 2000 წელს (ან ზემოთ) გახლავთ დაბადებული და თავი გამოიჩინა.

ჯგუფის დანარჩენ ორ მატჩს რაც შეეხება - ბოსნიამ სომხეთს აჯობა, ხოლო საბერძნეთმა სტუმრად ლიხტანშტაინი მოკრძალებულად, მაგრამ უპრობლემოდ დაამარცხა.

F ჯგუფი

მალტა - ფარერები 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნვოკო (13), 2:0 ბორგი (77, პენ), 2:1 ტომსენი (90)

შვედეთი - რუმინეთი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ქუაისონი (33), 2:0 ქუაისონი (40), 2:1 კესერუ (58)

ესპანეთი - ნორვეგია 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 როდრიგო (16), 1:1 კინგი (65, პენ), 2:1 სერხიო რამოსი (71, პენ)

J ჯგუფი

ბოსნია - სომხეთი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კრუნიჩი (33), 2:0 მილოშევიჩი (80), 2:1 მხითარიანი (90, პენ)

იტალია - ფინეთი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბარელა (7), 2:0 კინი (74)

ლიხტანშტაინი - საბერძნეთი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ფორტუნისი (45), 0:2 დონისი (80)

0.320393