ფეხბურთი

21:05 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

U21: დამაჯერებელი გამარჯვება სლოვენიასთან

სანამ საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს ჩაატარებს, იქამდე 21 წლამდე ნაკრებმა სლოვენიას სპარინგში უმასპინძლა. გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გია ცეცაძის გუნდის უპირატესობა ყველა კომპონენტში აშკარა იყო და ეს ანგარიშიც აისახა - 3:0.

ქართველი ფეხბურთელები 33-ე წუთზე დაწინაურდნენ. რატი არდაზიშვილის კუთხირს შემდეგ კარში დავით კობოური ურტყამდა, მცველმა იყოჩაღა და კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, თუმცა სტუმრებს არ გაუმართლათ - იქვე მდგომ მეკარეს მოხვდა და კარში აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა განიმტკიცეს. საუკეთესო გიორგი არაბიძე გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა. „ნასიონალის“ შემტევმა მეორე ნახევარის სტარტზევე პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო მატჩის მიწურულს მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. შედეგად, დამაჯერებელი თამაში და ასეთივე შედეგი.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 მარტს, ისევ გორში, ისრაელის შესაბამისი ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო (U21) - სლოვენია 3:0 (U21) (1:0)

გოლები: 1:0 ვოდისეკი (33, ა.გ), 2:0 არაბიძე (48, პენ), 3:0 არაბიძე (88)

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო:

გუგეშაშვილი; მალი, ლოჩოშვილი, კობოური, ლაკვეხელიანი; კუცია, ქოჩორაშვილი; არდაზიშვილი, ბერიაშვილი, ბუღრიძე; არაბიძე

0.119436