კალათბურთი

15:00 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე ადრიატიკის ლიგის უძვირფასესი მოთამაშეა!

პოდგორიცას “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.

საინტერესოა, რომ ქართველი ტალანტისთვის, ეს, ბოლო სამ დღეში მესამე აღიარებაა. სამშაბათს, გოგა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად აღიარეს, ოთხშაბათს ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, დღეს კი, ლიგის ყველაზე პრეტიჟული ჯილდოც ერგო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გოგას საშუალო მონაგარი 16.3 ქულა, 6.4 მოხსნა, 2.0 დაფარება და 0.9 პასია, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 20-ს უტოლდება.
ამ ბოლო მაჩვენებლით, ქართველი ტალანტი ტურნირზე მხოლოდ დრაგან აპიჩსა (ფმპ, სერბეთი) და ლუკა ბოჟიჩს (“ზადარი”, სერბეთი) ჩამორჩება, რაც მისი ასაკისა და ადრიატიკის ლიგის დონის გათვალისწინებით, ჩინებული მაჩვენებელია.
ბითაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა ევროლიგის ეგიდით დღეს ელის, როდესაც პოდგოროცაში თურქულ “ანადოლუ ეფესს” შეხვდება, რამდენიმე დღეში კი, მონტენეგროს ჩემპიონისთვის უფრო მნიშვნელოვანი – ადრიატიკის ლიგის პლეი-ოფი დაიწყება.
ტურნირის ნახევარფინალში “ბუდუჩნოსტის” მეტოქე ხორვატიის წარმომადგენელი “ცედევიტაა” და სერია ორ მოგებამდეა. პირველი მატჩი 25 მარტს ზაგრებში ჩატარდება, 31-ში პოდგორიცაში საპასუხო შეხვედრაა დაგეგმილი, საჭირობის შემთხვევაში კი, 7 აპრილს, გადამწყვეტი თამაში ისევ ხორვატიაში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112051