გერმანიის ნაკრების ახალი ერა არცთუ წარმატებულად დაიწყო. ყოველშემთხვევაში, ცოტა ხნის წინ იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, რომ 2019 წლიდან გუნდისთვის ახალი ეპოქა უნდა დაწყებულიყო და სწორედ ამ მოტივით ახსნა ჟერომ ბოატენგის, ტომას მიულერისა და მატს ჰუმელსის ნაკრებიდან მოკვეთა.
ვოლფსბურგში, სერბეთის ნაკრებთან მატჩამდე ფანებმა გერმანული ფეხბურთის სამ დამსახურებლ ფიგურას მადლობა გადაუხადეს: „მადლობა მატს, ტომას, ჟერომ. 5-13-17“, - ასეთი შინაარსის ბანერი გამოფინეს ტრიბუნებზე.
გერმანიამ კი ახალი ფორმაციის გუნდით ვერ აჩვენა მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი თამაში. ბუნებრივია, ეს სპარინგი იყო და თანაც პირველი, რაც ნაადრევი შეფასებების შესაძლებლობას არ იძლევა. თუმცა, ფაქტია, ამ კონკრეტულ შეხვედრაში „მანშაფტი“ ფრითაც კმაყოფილი უნდა იყოს.
სერბეთი მალევე დაწინაურდა, გოლი ლუკა იოვიჩმა გაიტანა, ფრანკფურტის „აინტრახტის“ ამომავალმა ვარსკვლავმა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით მანუელ ნოიერს შანსიც არ დაუტოვა. მლადენ კრსტაიჩის გუნდს პირველივე ტაიმში შეეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ ადემ ლიაიჩმა ძალზე ხელსაყრელი სიტუაციიდან კარს ზემოდან გადაავლო ბურთი.
მეორე ტაიმში ლიოვმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მარკო როისი ჩართო თამაშში. „დორტმუნდის“ კაპიტანის ხელმძღვანელობით „ბუნდესნაკრებმა“ თამაში გამოასწორა და რამდენჯერმე შეეძლო გატანა. ანგარიში კი 69-ე წუთზე ლეონ გორეცკამ გაათანაბრა, რომელიც ასევე ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში. თავის მხრივ, ტერ შტეგენმა მატჩის მიწურულს თავისი გუნდი მეორე გოლისგან და შესაბამისად, მარცხისგან იხსნა.
ბოლოს ყველაზე საინტერესო ლეროი სანეს ტრავმა იყო. ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ფორვარდმა მილან პავკოვმა დაივიწყა თამაშის სტატუსი და „სიტის“ შემტევს ლამის ფეხი მოატეხა. ლეროი შეცვალეს, მაგრამ მძიმე ტრავმას გადაურჩა. თამაშის დასრულების შემდეგ მინდორზე შევიდა და თანაგუნდელებთან ერთად პუბლიკას დაემშვიდობა.