კალათბურთი

15:00 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ხუთეულშია!
ქართველი ტალანტის მეორე აღიარება ორ დღეში

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ბითაძე გუშინ ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს, დღეს კი, მას კიდევ ერთი და საერთო აზრით, უფრო დიდი აღიარება ერგო.

საქმე ის გახლავთ, რომ ადრიატიკის ლიგაში არაერთი გამოცდილი და მსოფლიო დონის ტურნირებში გამობრძმედილი კალათბურთელი ასპარეზობს და მათ შორის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა, მართლაც დიდი წარმატებაა.
მეტიც, გამოკითხვის ჯამური შედეგებით, პირველ ადგილზე სწორედ ბითაძე (13.2%) გავიდა და უკან საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ჯეიკობ პულენი (12.4%), სტრატოს პერპეროღლუ (9.3%), ჯო რაგლანდი (8.9%) და ჯოკ ლენდეილი (7.8%) მოიტოვა.
სიმბოლური ხუთეულის მიღმა დარჩნენ “ბუდუჩნოსტში” გოგას თანაგუნდელი ეარლ კლარკი (5.6%), ბილი ბარონი (4.4%), ალექს რენფრო (4.3%), დრაგან აპიჩი (3.4%) და ლუკა ბოჟიჩი (3.3%).
შეგახსენებთ, რომ საუკეთესოთა გამოვლენის პროცესში ხმების 60% ლიგის მწვრთნელებს ეკუთვნოდათ, 30% – ფანებს, 10% კი – ადრიატიკის ლიგის კომისიის წევრებს.
საინტერესოა, რომ მწვრთნელებმა პირველი ადგილი სწორედ ქართველ კალათბურთელს მიანიჭეს, ფანებში კი ლიდერი ლენდეილი იყო და მას რენფრო და ბითაძე მისდევდნენ. აი, როგორ დაახასიათა გოგა ადრიატიკის ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა.
“ქართველმა ვუნდერკინდმა რეგიონული საკალათბურთო სამყარო გააოცა ჯერ “მეგა ბემაქსში”, შემდეგ კი “ბუდუჩნოსტში” ასპარეზობით. პოდგორიცელებმა რეგულარული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულეს და ახლა, გოგა თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას ლიგის პლეი-ოფში ეცდება.
მიმდინარე სეზონში, ბითაძე ოქტომბრის უძვირფასესი მოთამაშე და 21-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და ამასთან ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.
ქართველ ცენტრს 20 მატჩში ჩინებული საშუალო მაჩვენებლები – 16.3 ქულა, 6.4 მოხსნა, 2.0 დაფარება და 0.9 პასი აქვს, სარგებლიანობის საშუალო კოეფიციენტი კი 20-ს უტოლდება, რაც ტურნირის ეგიდით მე-3 შედეგია”.
შეგახსენებთ, რომ ბითაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა ევროლიგის ეგიდით ხვალ, 21 მარტს ელის, როდესაც პოდგორიცაში თურქულ “ანადოლუ ეფესს” დაუხვდება. 25 მარტს “ბუდუჩნოსტი” უკვე ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალური სერიაში ჩაებმება, სადაც მეტოქედ ხორვატული “ცედევიტა” ჰყავს.

0.117489