ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მიჯრით მე-2 მარცხი განიცადა და უკვე ცხადია, რომ ძალიან დაძაბული დასკვნითი ორთაბრძოლები ელის.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს კადობანში ჩაყენებული შეხვდა და ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. თუკი ქართველმა სეკიტორმა მინიმალური დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) მაინც არ დააფიქსირა, პროფესიულ სუმოში რანგით მე-2 წოდებასთან დამშვიდობება მოუწევს.
დღეს, გორგაძის მეტოქე ასევე ოძეკი ტაკაიასუ გახლდათ და შერკინება ძალიან დაძაბული გამოდგა. იაპონელმა სუმოისტმა მისთვის სასურველი მარჯვენამხრიანი ჩავლება მიგი-უვატე აიღო და მართალია, ტოჩინოშინმა ორთაბრძოლა ჰიდარი-იოცუდან მოროძასიში გადაიყვანა, ტაკაიასუს ინიციატივა ხელიდან არ გაუშვა და ჩვენებური დოჰიოზე ცუკიოტოშით დასცა.
ტოჩინოშინს 6 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მიზნის მისაღწევად დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან ორის მოგება სჭირდება. ლევანის მომდევნო მოწინააღმედეგ იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება, რომელსაც ოსაკაში თერთმეტივე შერკინება მოგებული აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. ტოჩინოშინი “თეთრ ფენიქსს” 27-ჯერ შეხვედრა და მხოლოდ ერთხელ უმარჯვია.
წარუმატებელი დღე ჰქონდა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ირჯება. ქართველმა გოლიათმა 6 მოგების ფონზე მე-5 მარცხი (იორიკირით) აღმოსავლეთის მე-12 რეიტინგოსან მიტორიუსთან განიცადა. ხვალ, გაგამარუს მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 ნომერი ტაკაგენჯი იქნება, რომელთანაც ჩვენებურს სამივე გასული ორთაბრძოლა წაგებული აქვს.