ფეხბურთი

3:20 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული მატჩი: რონალდინიოს ჰეთ-თრიქი, ნეიმარის დუბლი და 5:4! (+VIDEO)

რონალდინიო უკვე კარიერის დასკვნითი ნაწილისკენ მიდიოდა, ნეიმარი პირიქით - ყველაფერს მაშინ იწყებდა. „ესტადიო ურბანო კალდეირაზე“ 2011 წლის 27 ივლისს ბრაზილეიროს კალენდარულ მატჩში „სანტოსი“ და „ფლამენგო“ დაუპირისპირდნენ.

მასპინძელთა რიგებში იმხანად 20 წლის ნეიმარი თამაშობდა, ხოლო „ფლას“ ღირსებას მაშინ 31 წლის რონალდინიო იცავდა. თამაში კი დიდებული გამოდგა. თავიდან ყველაფერი „სანტოსისთვის“ იდეალურად წარიმართა. ბორჟესის დუბლით უკვე მე-15 წუთზე ანგარიში 2:0 იყო. გავიდა 10 წუთი და ნეიმარმა გაიბრწყინა. ბრაზილიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა ისეთი გაიტანა, წლის ბოლოს საუკეთესო გოლად აღიარეს და „პუშკაშის“ პრიზიც მოიგო.

მიუხედავად 0:3 ჩამორჩენისა, „ფლამენგო“ არ დანებებულა. რონალდინიომ შეამცირა სხვაობა ანტრაქტამდე, ხოლო 31-ე წუთზე ტიაგო ნევეშმა საერთოდ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. ეს კიდევ არაფერი - დეივიდმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრა - 3:3!

მეორე ტაიმის დაწყება, ნეიმარის დუბლი ერთი იყო და „სანტოსი“ ისევ დაწინაურდა. თუმცა, ეს მასპინძელთა ბოლო სიხარული გამოდგა იმ საღამოს. მერე რონალდინიოს შოუს ჯერი იყო. „გაუჩომ“ ჯერ ჩვეულ სტილში გაიტანა ჯარიმა და ცოცხალ კედელს ქვემოდან გაატარა ბურთი, რომელიც ბადეში აღმოჩნდა. თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე კი, ლეგენდამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:4 „ფლამენგოს“ სასარგებლოდ.

გარდა იმისა, რომ თავად თამაში დაუვიწყარი გამოდგა, იმითაც გამოირჩა, რომ ბრაზილიური ფეხბურთის ერთმა ლეგენდამ ჰეთ-თრიქი შეასრულა, მომავალმა ლეგენდამ კი დუბლი გაიფორმა და გულშემატკივრები ნამდვილი წარმოდგენით დაასაჩუქრეს.

0.114029