ფეხბურთი

22:19 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "თავდაჯერება დაგვიბრუნდა და ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდით"

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შვეიცარიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფორვარდის განცხადებით, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ საქართველომ ყურადღება საკუთარ ძალას უნდა მიაქციოს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის შედეგებიდან გამომდინარე "ჯვაროსნებს" თავდაჯერება შეემატათ და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდნენ:

"დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს, როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა.

ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ საკუთარ ძალებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ბოლო ოფიციალური თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს როგორც მე, ასევე მთელ გუნდს. წლის პირველი მატჩი შვეიცარიასთან განსაკუთრებულია, როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივარებისთვის", - ციტირებს ქვილითაიას სიტყვებს სფფ-ს ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. მეორე შეხვედრას კი "ჯვაროსნები" 26 მარტს, დუბლინში, ირლანდიასთან ჩაატარებენ.

0.134704