საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსზე სასწავლო პროცესი გრძელდება. დავით პეტრიაშვილი არენაზე სასწავლო კურსის მეშვიდე მოდული მიმდინარეობს.
მეშვიდე მოდულის საწყის ეტაპზე მოწვეული სტუმრებისა და ტუტორების დახმარებით Pro ლიცენზიის კურსის მონაწილე მწვრთნელები გასული მოდულის ანალიზს ახდენენ. ამასთან ერთად ძირითადი აქცენტი ტაქტიკურ პერიოდიზაციაზე კეთდება. ამ მეთოდის საშუალებით მწვრთნელები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაიგეგმოს საწვრთნელი პროცესი სწორად თამაშიდან თამაშამდე.
კრის ვანდერ ჰააგენი - უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი - "უკვე ერთი წელია აღნიშნულ ჯგუფთან ვმუშაობ და როდესაც კურსის დასაწყისთან ვაკეთებ პარალელს, ვხვდები, რომ მწვრთნელებს შესანიშნავი პროგრესი აქვთ. შემდეგ ეტაპზე უკვე საინტერესოა როგორ შეძლებენ ისინი საკუთარი ცოდნისა და უნარების მოედანზე გადატანას. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კურსის მონაწილე მწვრთნელებმა თეორიულ დონეზე ყველაფერი იციან, ახლა კი დროა, რომ ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. სწორედ ამიტომ ტაქტიკური პერიოდიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ამის საშუალებით მწვრთნელები შეძლებენ, რომ მათი და ფეხბურთელების აზრები გააერთიანონ და შემდეგ ეს ყველაფერი სავარჯიშო პროცესში გამოიყენონ."
ლაშა ჭაღიაშვილი - კურსის მონაწილე, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი - "მეშვიდე მოდული, როგორც ყველა სხვა დანარჩენი საინტერესოდ მიმდინარეობს. ამჯერად ინფორმაციას ვიღებთ ტაქტიკური პერიოდიზაციის შესახებ, რომლის დახმარებითაც ვსწავლობთ თუ როგორ უნდა დაიგეგმოს სწორად კვირა თამაშიდან თამაშამდე. ვსწავლობთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი სავარჯიშო პროცესის სწორად წარსამართად. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მეთოდია, რომელიც მომავალში გუნდთან მუშაობას გაგვიადვილებს."
გენადი სკურტული - უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი - "ვფიქრობ, რომ ერთი წლის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ, მწვრთნელებმა საკმაოდ დიდი ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ სიახლეები აეთვისებინათ და პრაქტიკაში გამოეყენებინათ. მოკლედ პერიოდში ამ ყველაფერს გაკეთება არაა მარტივი, მაგრამ ახლა ჩვენ ვგრძნობთ, რომ თითოეულ მათგანს საკმაოდ დიდი პროგესი აქვს. ჩვენ მწვრთნელებისგან მეტს ჩართულობას ვგრძნობთ, რაც ნამდვილად კარგი ფაქტია. ახლა მათ სჭირდებათ დრო, რომ თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში, საკუთარ გუნდებთან მუშაობაში გამოიყენონ."
www.gff.ge