საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) კომისია 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობის მსურველ სტოკჰოლმში ჩავიდა.
სტოკჰოლმის განაცხადს აფასებს 15-კაციანი ჯგუფი, რომელთა შორისაც არიან დელეგატები, ექსპერტები, ოფიციალური პირები, ასევე IOC-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტოფ დუბი და ამავე ორგანიზაციის წევრი ოქტავიან მორარიუ.
შემფასებელი კომისიის მიზანია შვედეთის ყველა იმ ადგილისა და არენის მონახულება, სადაც 2026 წელს შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური შეჯიბრებები გაიმართოს. გამონაკლისია ლატვიის ქალაქი სიგულდუ, სადაც სტოკჰოლმის განაცხადის წარმატების შემთხვევაში უმასპინძლებენ შეჯიბრებებს ბობსლეიში, ციგაობაში და სკელეტონში.
შვედეთში სტუმრობის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ შემფასებელი კომისია მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს ერთობლივი განაცხადის გასაცნობად იტალიას ეწვევა, რომელიც ასევე იბრძვის 2026 წლის თამაშების სამასპინძლოდ.
2026 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლის ვინაობა ცნობილი გახდება წლეულს 24 ივნისს.
www.geonoc.org.ge