ძიუდო

23:02 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის ქართველის თურქული ტრიუმფი

 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი – სამსუნის გრან პრი მოიგო და დიდი ალბათობით, ეროვნული ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა გაინაღდა. 18 წლის სპორტსმენმა თურქულ ტატამზე ისე დამაჯერებლად იჭიდავა, გამოცდილ და ტიტულოვან ძიუდოისტს შეშურდებოდა.

9 წუთი და 11 წამი – ზუსტად ეს დრო მოანდომა ღვინიაშვილმა ხუთი შეხვედრის მოსაგებად. ოქროს გზას აზერბაიჯანელი რამინ გურბანოვის ორ წუთში ძლევით შეუყვა. ეგვიპტელ ჰატემ აბდ ელ ახერთან შეხვედრის დასაწყისში იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ მესამე წუთის ბოლოს ულამაზესი ბრუნით მეტოქე ბეჭებზე დააგდო. ებრაელ პეტერ პალჩიკსა და ფრანგ ალექსანდრე იდირს ვაზარი შეუტრიალა სუფთა გდებებით. გადამწყვეტ ბრძოლაში კი გერმანელ მარკ ოდენტალს მხოლოდ 18 წამი აკმარა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თურქული ტატამიდან სულ სამი მედალი გამოიტანა და სამივე დღეს შეძლო. ბექა ღვინიაშვილის გარდა პოდიუმზე მძიმეწონოსნები ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი ავიდნენ. თბილისის გრან პრის ჩემპიონი ოქრუაშვილი მორიგ ტიტულამდე ლიტველმა მარიუს პასკევიჩუსმა არ მიუშვა – საფინალო სირენამდე 56 წამით ადრე, მაშინ, როდესაც ერთ შიდოს უგებდა, ბეჭებზე დავარდა და ვერცხლს დასჯერდა.

პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა მძიმეწონოსანმა პასკევიჩუსთან დაჭიდებამდე სამი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა. საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ალჟირელი ბილალ ზუანისგან გვარიან წინააღმდეგობას წააწყდა. ერთხანს იუკოსაც აგებდა. საპასუხო იუკოც შეასრულა, მაგრამ ერთი გაფრთხილებით კვლავ ჩამორჩებოდა მეტოქეს და ბოლო წუთზე იშვიათი სილამაზის გდებით მოუგო – ხელში აიტაცა და მცირე პაუზის შემდეგ ეფექტური ბრუნით დასცა ბეჭებზე. ყაზახი იერჟან შინკეიევი მსაჯს გაფრთხილებებით სამ წუთში მოახსნევინა, თუმცა იქამდე ვაზარის აღებაც მოასწრო. ნახევარფინალში ქართველმა მძიმეწონოსანმა გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს ზედ საფინალო სირენისას შეუსრულა იპონი. იქამდეც სულ თავად მიჰყავდა ჭიდაობა, მაგრამ მსაჯისგან რატომღაც ზუსტად იმდენი შიდო მიიღო, რამდენიც მეტოქემ. რომ არა ბოლო ეფექტური შეტევა, შეხვედრა ოქროს დროში გადავიდოდა.

ღვინიაშვილმა გრან პრის ჩემპიონობით 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ოქრუაშვილი კი 180 ქულას მიიღებს. 120 ქულა დაერიცხება ლევან მატიაშვილს, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ოქრო-ვერცხლის შანსი მატიაშვილმა მეოთხედფინალში დაკარგა, გერმანელ ანდრე ბრეიტბარტთან წაგებით. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხე წუთამდე აქტიურად იბრძოლა. მერე კი ვაზარზე დავარდა და იქვე შებოჭვაზეც მოჰყვა, რითაც ქართული ნახევარფინალი გამოირიცხა.

ამ შეხვედრამდე ლევან მატიაშვილმა ერთი ეტაპი დაძლია - ტურნირი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრის, ამჟამად კი აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურის ძლევით გახსნა. მატიაშვილმა უილეთო შეხვედრაში, მეტოქის ოთხი შიდოს ხარჯზე იმარჯვა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი ჯერ ოქრუაშვილისგან ძლეულ იერჟან შინკეიევს შეუსრულა სუფთა გდება, ხოლო რეპეშაჟის ფინალში რუსი რენატ საიდოვი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.

დღესვე თურქულ ხალიჩაზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილიც გავიდნენ, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა, ისევე, როგორც +78 კილოგრამში მოჭიდავე ირინე ლეონიძე.

მსხალაძე პირველ წრეში ყაზახ ადილხან კოზიბაიევთან ორჯერ დაეცა იუკოზე. თავად კი ქულა ვერ აიღო, მაგრამ მსაჯს პასიური მეტოქე ოთხ წუთში ოთხჯერ გააფრთხილებინა და მოახსნევინა. მერვედფინალში გერმანელ კარლ-რიჩარდ ფრეისთან ვეღარას გახდა – ჯერ ორი შიდო მიიღო, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით წააგო.

გურამ თუშიშვილი ტატამზე მხოლოდ ერთჯერ გავიდა - ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან შებოჭვით წააგო, თუმცა ილეთი, რომელსაც ბოროდავკომ ბოჭვა მოაყოლა, თუშიშვილმა წამოიწყო. ტატამის მსაჯმა ქართველი ძიუდოისტის გდება თავიდან იპონად შეაფასა, მაგრამ სწრაფადვე გააუქმა.

ირინე ლეონიძეც პირველივე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას, მას შემდეგ, რაც თურქ სებილე აკბულუტთან იუკოთი დამარცხდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 44 ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

თურქული გრან პრი ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდისთვის ბოლო საერთაშორისო ტურნირი იყო 24-27 აპრილს მონპელიეში გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი საფრანგეთში წასაყვან შემადგენლობას უახლოეს მომავალში დაასახელებს.

 

ძიუდო

გრან პრი

სამსუნი

28-30 მარტი

კაცები

 

60 კგ

1 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)

2 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)

3 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

3 ადრიენ რეიმონდი (საფრანგეთი)

 

66 კგ

1 დევიდ ლაროში (საფრანგეთი)

2 ლუის კორვალი (საფრანგეთი)

3 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია)

3 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)

7 თორნიკე თათარაშვილი (საქართველო)

 

73 კგ

1 კრისტოფერ ფოლკი (გერმანია)

2 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

3 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

3 ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)

 

81 კგ

1 სვენ მარეხი (გერმანია)

2 ალექსანდრ ვიეზერჟაკი (გერმანია)

3 ვალერიუ დუმინიკა (მოლდოვა)

3 ატილა უნგვარი (უნგრეთი)

 

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 მარკ ოდენტალი (გერმანია)

3 ალექსანდრე იდირი (საფრანგეთი)

3 მაგომედ მაგომედოვი (რუსეთი)

 

100 კგ

1 სირილ მარე (საფრანგეთი)

2 ადლან ბისულტანოვი (რუსეთი)

3 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)

3 ჯავად მაჰჯუბი (ირანი)

 

+100 კგ

1 მარიუს პასკევიჩუსი (ლიტვა)

2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)

3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

 

გუნდური ჩათვლა

ო     ვ     ბ     V     VII

1 გერმანია         4      4      3      1      1

2 საფრანგეთი      3      1      4      2      1

3 რუსეთი           2      1      2      2      3

4 საქართველო   1     1     1     0     1

5 ავსტრია          1      0      0      2      1

6 ტუნისი           1      0      0      2      1

7 ლიტვა            1      0      0      0      1

8 კოსოვო           1      0      0      0      0

9 ბრიტანეთი       0      2      1      0      0

10 უკრაინა         0      1      1      2      1

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114483