საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ბოლო მეოთხედის წინ 60:55 უგებდა ნორვეგიას, თუმცა შეხვედრა 13 ქულის სხვაობით – 67:80 დათმო. მიხეილ ბერუაშვილის გუნდს ბოლო 10-წუთეულში ხელ-ფეხი შეეკრა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა, გადამწყვეტ პერიოდში არაფერი გამოუვიდა და ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მოუგებლად დაასრულა.
არადა, იყო მომენტები, როცა საქართველოს უპირატესობა ათს სცდებოდა. ბერუაშვილის გუნდს 16 ქულით გამარჯვება უნდოდა, რომ ჯგუფში მე-4 პოზიცია დაეკავებინა და შესაბამისად, ბრძოლა 9-16 ადგილებისთვის გაეგრძელებინა. ნორვეგიელების დამარცხების შემთხვევაში 3 გუნდს – საქართველოს, ნორვეგიას და ავსტრიას ქულების თანაბარი ოდენობა უგროვდებოდათ და ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებულ-მიღებული ბურთები გადაწყვეტდა თუ ვინ რომელ ადგილს დაიკავებდა. არ გამოვიდა – საქართველო დამარცხდა და ბოლო ადგილზე დარჩა.
ბერუაშვილის გუნდი ახლა ბრძოლას 17-22 ადილებისთვის აგრძელებს. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციოში A ჯგუფის ბოლოაგილოსან დანიასა და ავსტრიასთან მოხვდა. ამ უკანასკნელთან პირველ ჯგუფურ ეტაპზე ნათამაშები – 55:64 მარცხი გადაჰყვა. ანუ ქართველები მხოლოდ დანიას შეხვდებიან, ხოლო დანია ავსტრიას გაეჯიბრება და ადგილებიც 1-დან მე-3-ს ჩათვლით განაწილდება.
არის მეორე სამგუნდიანი საკვალიფიკაციო ჯგუფიც – სლოვაკეთი, შოტლანდია, ლუქსემბურგი. შესაბამისად, ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთს მე-17 საფეხურისთვის შეხვდებიან, მეორეადგილოსნები – მე-19-სთვის, ხოლო მესამეზე გასული გუნდები ერთმანეთს ტურნირის ბოლოსწინა – 21-ე საფეხურისთვის დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ნორვეგიასთან მატჩს, ქართველებმა კარგად დაიწყეს, თუმცა ძალები ბოლომდე არ გაჰყვათ. ბერუაშვილის გუნდმა მეტოქეზე მეტი ორქულიანი და სამიანი ჩააგდო და მიზეზი, რის გამოც წააგო, საჯარიმო სროლები გახლდათ. ნორვეგიელებმა 33 ცდიდან 22 საჯარიმო ჩააგდეს, როცა ქართველებმა მხოლოდ 8 სროლა შეასრულეს და 4 ჩააგდეს. მოხსნებშიც უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ სკანდინავიელებს – 60:31.
საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩს დანიასთან 25 ივლისს გამართავს.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. შტრუმიცე. 22 ივლისი
ნორვეგია 80:67 საქართველო (15:21, 19:20, 21:19, 25:7)
B ჯგუფი
1. ესტონეთი 5 4/1 346/301 9
2. ჰოლანდია 5 4/1 335/290 9
3. გერმანია 5 4/1 353/282 9
4. ნორვეგია 5 2/3 303/325 7
5. ავსტრია 5 1/4 259/325 6
6. საქართველო 5 0/5 301/374 5
www.gbf.ge