საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს შანსი ჰქონდა, ევროპის ჩემპიონატზე წაგებებით შელახული ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაემყარებინა, მაგრამ ისევ არ გაუმართლა. არჩილ ჟღენტის გუნდი ბოლო წამებამდე ამარცხებდა ჯგუფის ფავორიტს, მანამდე 4-დან 4 გამარჯვების მომპოვებელ გერმანიას, მაგრამ...
საქართველოს ნაკრები მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა. ქართველები არ გატყდნენ არც მაშინ, რომ გერმანელებმა საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ლიდერობა მოიპოვეს – 61:60. მაიზერ რევაზაშვილმა, რომელსაც მანამდე ქულა არ ჰქონდა მითვლილი, ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანიც მიითვალა და საქართველო 65:61 დააწინაურა.
ქართველებს წუთნახევრის გაძლება მართებდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. გერმანელმა ანდრეს ობსტმა სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ კი თავისიანები დააწინაურა კიდეც. საბოლოოდ ფავორიტმა ზედიზედ მე-5 მატჩიც მოიგო (70:66) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირზე საკუთარი სნაიპერული თვისებები (პირველად) გამოავლინა დავით ლომიძემ, რომელმაც 9-დან 7 სამქულიანი, ჯამში კი 24 ქულა ჩააგდო. 11 ქულით დაასრულა მატჩი ლუკა ზაქრაძემ, ხოლო ვილი ისიანის ანგარიშზე 7 ქულაა.
ამით საქართველომ დაასრულა ჯგუფური ეტაპი და ახლა ტურნირის ბოლო ადგილებს გაითამაშებს. ფორმატის თანახმად, ჯგუფებში 5-6 ადგილებზე გასული გუნდები (ჯამში 6 გუნდი) ორად გაიყო და ერთმანეთში 17-22 ადგილებს გაითამაშებენ
საქართველო ჯგუფში შვეიცარიასთან და ესტონეთთან მოხვდა. ქართველებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესტონელებთან განცდილი მარცხი საკვალიფიკაციოშიც გადაჰყვათ და ახლა მხოლოდ შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.
ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს მე-17 ადგილისთვის შეხვდებიან, მეორეზე გასულნი – მე-19 ადგილისთვის, ხოლო ბოლოზე გასულები ერთმანეთში 21-ე ადგილს გაითამაშებენ.
საქართველო შვეიცარიას 30 ივლისს, თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი.
გერმანია – საქართველო 70:66 (19:20, 14:22, 13:13, 24:11)
საქართველო: ზაქრაძე (11ქ, 5პ), ლომიძე (24ქ), გუგეშაშვილი (2), ისიანი (7), ტურძელაძე (6ქ, 8მ, 4ჩ), მაჭავარიანი (5ქ, 4ჩ), კუტალაძე, მასხულია (6ქ, 8მ), გოგობერიშვილი, რევაზაშვილი (5ქ), ცირეკიძე.
სრული სტატისტიკა:
http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-15-5.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html
1. გერმანია 5 5/0 386/270 10
2. ისრაელი 5 4/1 397/375 9
3. ისლანდია 5 3/2 377/329 8
4. ავსტრია 5 2/3 288/359 7
5. ესტონეთი 5 1/4 333/384 6
6. საქართველო 5 0/5 332/396 5
24 ივლისი
საქართველო – ავსტრია 54:57
25 ივლისი
ესტონეთი – საქართველო 89:59
26 ივლისი
ისრაელი – საქართველო 94:73
27 ივლისი
საქართველო – ისლანდია 80:86
28 ივლისი
გერმანია – საქართველო 70:66
30 ივლისი
საქართველო – შვეიცარია 13:30
www.gbf.ge