საქართველოს 18-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები, მთავარ მწვრთნელ არჩილ ჟღენტის ხელმძღვანელობით, თბილისში, დიღომში მდებარე საკალათბურთო კლუბ “დინამოს” ბაზაზე შეკრებაზე იმყოფება და ბ დივიზიონის ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება, რომელსაც 24 ივლისიდან ბულგარეთის დედაქალაქი, სოფია უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჟღენტმა ნაკრების კანდიდატთა გაფართოებულ სიაში 19 კალათბურთელი გამოიძახა. აქედან სამმა მათგანმა, მაცაბერიძემ (“ქუთაისი-2010”), თევდორაშვილმა (“კალათბურთის აკადემია”) და ნიკა ლომიძემ (“კალათბურთის აკადემია”) მთავარი მწვრთნელის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შეკრება დატოვა.
ამჟამად, შეკრებაზე 16 კალათბურთელი იმყოფება, რომელთაგანაც საბოლოოდ 12 შეირჩევა და ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში იასპარეზებს. აღნიშნულ დივიზიონში ევროპის 22 გუნდი თამაშობს, რომლებიც 2, 5 და ამდენივე 6-გუნდა ჯგუფებში არიან გადანაწილებულები. ა დივიზიონის 3 საგზურისთვის ბრძოლას თითოეულ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსთან ერთად, ავსტრია, ესტონეთი, ისრაელი, გერმანია და ისლანდია იასპარეზებს.
გთავაზობთ შეკრებაზე მყოფ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობას:
უკანახაზი: ლუკა ზაქრაძე (“ჰიუნდაი”), ნუგზარ ტაბაღუა (“რუსთავი”), დათო ლომიძე (“მართვე”), ლევან მასხულია (“კანარის კუნძულები”, ესპანეთი), გიორგი ცირეკიძე (“რიმინი”, იტალია ), თორნიკე გაგუა (“არმია”), გიორგი გოგობერიშვილი (“ოლიმპია”, სლოვენია), სოსო მაჭავარიანი (“არმია”), გიორგი გუგეშაშვილი (“შსს აკადემია”).
ფორვარდები: ვილი ისიანი (“გრან კანარია”, ესპანეთი), მაიზერ რევაზაშვილი (“მაკაბი”), დავით ბარამიძე (“რუსთავი”), ლუკა გიორგაძე (“შსს აკადემია”).
ცენტრები : გიორგი ტურძელაძე (“სლოვანი”, სლოვენია), სოსო გოგნაძე (“მართვე”), ვასილ კუტალაძე (“რუსთავი”).