საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდულმა და ჭაბუკთა ნაკრებებმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში 11-15 აპრილს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. ხალიჩაზე გასული ოცი ქართველიდან მედლის გარეშე მხოლოდ ორი დარჩა. “მსოფლიო სპორტმა” წარმატების შესახებ უკვე გაუწყათ, მაგრამ ტურნირის მიმომხილველი ოფიციალური ვებ-გვერდისა და ევროპის სამბოს ფედერაციის ვებ-გვერდების გაუმართაობის გამო, ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ქართული დელეგაციის ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა.
ევროპირველობაზე გამორჩეულად შედეგიანად ავთანდილ ცინცაძის გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები გამოვიდა - განაცხადში შეყვანილი ათივე სამბისტი კვარცხლბეკზე ავიდა და ქართულმა გუნდმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
თორნიკე მეზურნიშვილი (57 კგ), ლუხუმ ჩხვიმიანი (62 კგ), ბექა ტუღუში (68 კგ) და უშანგი მარგიანი (82 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ.გიორგი მელქუაშვილსა (48 კგ) და გუგა კიბორძალიძეს (+100 კგ) ტიტულამდე თითო გადამწყვეტი შეხვედრის მოგება დააკლდათ, ორივე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ლერი ბედინაძემ (52 კგ), თორნიკე მუზაშვილმა (57 კგ), ილია მანველიშვილმა (90 კგ) და თორნიკე ოთინაშვილმა (100 კგ) კი ბრინჯაოები ირგუნეს.
მირიან პავლიაშვილის გაწვრთნილი ჭაბუკთა ნაკრების წევრთაგან ევროპის ჩემპიონატი წაუგებლად თორნიკე ნაგლიაშვილმა (48 კგ) და თორნიკე ჭოველიძემ (60 კგ) ჩაამთავრეს. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს სოლომონ თედიაშვილმა (56 კგ), გიგა ნოზაძემ (70 კგ), აპოლონ ზურაბიანმა (75 კგ), ირაკლი გოგიამ (81 კგ), ჯონი ჭითანავამ (87 კგ) და ჯემალ დაბრუნდაშვილმა (+87 კგ). ჭაბუკთა ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.
ქართველი სამბისტების მეორე ჯგუფი თბილისში ხვალ ჩამოვა. 17 აპრილს კი სავარაუდოდ ევროპირველობის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.
სამბო
ევროპის ჩემპიონატი
ლიმასოლი. კვიპროსი
11-15 აპრილი
ჭაბუკთა ნაკრები
ოქრო - თორნიკე ნაგლიაშვილი (48 კგ)
ოქრო - თორნიკე ჭოველიძე (60 კგ)
ბრინჯაო - სოლომონ თედიაშვილი (56 კგ)
ბრინჯაო - გიგა ნოზაძე (70 კგ)
ბრინჯაო - აპალონ ზურაბიანი (75 კგ)
ბრინჯაო - ირაკლი გოგია (81 კგ)
ბრინჯაო - ჯონი ჭითანავა (87 კგ)
ბრინჯაო - ჯემალ დაბრუნდაშვილი (+87 კგ)
ახალგაზრდული ნაკრები
ოქრო - ლუხუმ ჩხვიმიანი (62 კგ)
ოქრო - ბექა ტუღუში (68 კგ)
ოქრო - მიხეილ მეზურნიშვილი (74 კგ)
ოქრო - უშანგი მარგიანი (82 კგ)
ვერცხლი - გიორგი მელქუაშვილი (48 კგ)
ვერცხლი - გუგა კიბორძალიძე (+100 კგ)
ბრინჯაო - ლერი ბედინაძე (52 კგ)
ბრინჯაო - თორნიკე მუზაშვილი (57 კგ)
ბრინჯაო - ილია მალვენიშვილი (90 კგ)
ბრიჯაო - თორნიკე ოთინაშვილი (100 კგ)