კალათბურთი

16:00 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის მორიგი ორმაგი დუბლი
ბეჟანიშვილმა სეზონი 12 ქულით “დახურა”

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგის (NCAA) ბიგ ისთის ჩემპიონშიპის მეოთხედფინალში “ჯორჯთაუნს” 73:57 სძლიეს, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი ბოლო ოთხ მატჩში მე-3 ორმაგი დუბლი შეასრულა.

“სეთონ ჰოლმა” შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა 53:28 მოიგეს, გუნდის ლიდერმა მაილს პაუელმა კი შესვენებამდე 29 ქულა ჩააგდო და კონფერენციის რეკორდი დაამყარა.
მამუკელაშვილმა ორივე გუნდის რიგებიდან ყველაზე მეტი – 39 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
სანდრომ 4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, პაუელის ბრწყინვალე თამაშს კი ასე გამოეხმაურა:
“ის უბრალოდ შეუჩერებელი იყო და გუნდიც აიყოლია. ყოველთვის, როდესაც მაილსი ასე ირჯება, მინდა, მეც ასევე ვითამაშო. პაუელის გარჯამ თავდაჯერებულობა შეგვმატა”.
“სეთონ ჰოლს” ბიგ ისთის ჩემპიონშიპის ნახევარფინალური მატჩი 16 მარტს ელის, როდესაც “მარკეტს” გაეჯიბრება.
ამასობაში, ბიგ თენის კონფერენციის წინა საპლეიოფო შეხვედრები დაასრულა გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა”. ქართველი მძიმე ფორვარდის კლუბმა დასკვნითი შეხვედრა “აიოვასთან” 62:83 წააგო, ჩვენებურმა კი 26 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
ბეჟანიშვილმა 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
მიმდინარე სეზონში ქართველი ლეგიონერის საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 26.2 წუთი, 12.5 ქულა, 5.2 მოხსნა, 0.8 პასი, 0.8 დაფარება, 0.7 ჩაჭრა.

0.149381