ფეხბურთი

5:35 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ალიანც არენაზე" ყველაფერი თავიდან იწყება

მიუნხენის „ბაიერნი“ ან „ლივერპული“ - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთ-ერთი იასპარეზებს. ამას „ალიანც არენაზე“ გასამართი მატჩი გვაჩვენებს და ამ ეტაპზე შანსი აბსოლუტურად თანაბარია.

სამი კვირის წინანდელი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა და პრაქტიკულად გუნდები ყველაფერს ახლა იწყებენ.

ნიკო კოვაჩს საკადრო პრობლემები აქვს, რადგან „ბაიერნი“ კიმიხი, მიულერი, რობენი, ტოლისო და კომანი დააკლდებიან. „ლივერპული“ კი მოედანზე კეიტა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, გომესი ვერ დაეხმარებიან, ხოლო ალექსანდერ-არნოლდისა და მილნერის თამაში საეჭვოა. იურგენ კლოპს ვირჯილ ვან დეიკი დაუბრუნდა, რომელმაც ამ გუნდთა პირველი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გაუცდა.

ცნობისთვის, ევროთასების პლეი-ოფში უგოლო ფრე 209-ჯერ დაფიქსირებულა და 139-ჯერ (66.5%) შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავიდა, რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად ჩაატარა, ხოლო 70-ჯერ (33.5%) შემდეგი ეტაპის საგზური პირველი თამაშის მასპინძელს დარჩა.

ნიკო კოვაჩი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „მთელი მსოფლიო ამ თამაშს უყურებს. თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა, უნდა გავიმარჯვოთ. 0:0-ზე თამაში არ შეიძლება. კარგია, რომ სტადიონის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება, როგორიც დიდი ხანია არ გვინახავს“.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი): „რიტმი და ბალანსი გვჭირდება. „ბაიერნს“ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ჰყავს, შესაბამისად, თავი მაქსიმალურად კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა, ბურთიც უნდა გვქონდეს და საკუთარი თავის გვჯეროდეს. ზეწოლას არ ვგრძნობთ, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ჩემი ხელმძღვანელობით „დორტმუნდს“ აქ დიდებული მატჩები აქვს ჩატარებული და ბედნიერი ვარ, რომ ამ თამაშის ნაწილი“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; რაფინია, ზულე, ჰუმელსი, ალაბა; ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა; გნაბრი, ხამესი, რიბერი; ლევანდოვსკი

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგა (თასი) 5-5-ჯერ აქვთ მოგებული. „ლივერპულმა“ ბოლოს 2005 წელს იჩემპიონა, ხოლო „ბაიერნმა“ 2013 წელს. ინგლისელები გასულ სეზონში „რეალთან“ ფინალში დამარცხდნენ, ხოლო გერმანელები ასევე „რეალთან“ ნახევარფინალში.

„ლივერპულმა“ ჯგუფური ეტაპი პსჟ-ს შემდეგ მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო „ბაიერნი“ პირველ პოზიციაზე გავიდა.

ურთიერთშეხვედრები

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს უდიდესი ისტორია აქვს, ეს მხოლოდ მეშვიდე თამაში იქნება ერთმანეთში. ამ მერვედფინალამდე ბოლოს, ისინი 2001 წელს, ევროპის სუპერთასზე შეხვდნენ ერთმანეთს და ინგლისელებმა 3:2 გაიმარჯევს.

მანამდე, 1980-1981 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალშიც გამარჯვებული „ლივერპული“ გამოვიდა. ინგლისში გოლი არ გასულა, ხოლო მიუნხენში მატჩი 1:1 დასრულდა და ინგლისელები ფინალში სტუმრად გატანილი გოლით გავიდნენ და საბოლოოდ ტურნირიც მოიგეს.

„ბაიერნმა“ 1971-1972 წლების სეზონში თასების თასის ნახევარფინალში მოიგო. „ენფილდზე“ გოლი არც მაშინ გასულა, ხოლო მიუნხენში მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. ბოლო დაპირისპირება კი სმაი კვირის წინ ინგლისში უგოლო ფრით დასრულდა.

სტატისტიკა

„ბაიერნი“

„ბაიერნისთვის“ ეს ზედიზედ მე-15 მერვედფინალი იქნება (11 მოგება, 3 წაგება). ბოლო 7 მერვედფინალი მოგებული აქვს, ხოლო ბოლოს ამ ეტაპზე 2010-2011 წლების სეზონში „ინტერთან“ წააგო.

12 თვის წინ მიუნხენელებმა ამ ეტაპზე „ბეშიქთაში“ 5:0 დაამარცხეს შინ, ხოლო სტუმრად 3:1.

„ბაიერნი“ ბოლოს ინგლისურ გუნდს 2016-2017 წლების სეზონში დაუპირისპირდა და „არსენალი“ დაამარცხა.

გერმანულ გიგანტს ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ბოლო სამ მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

„ბაიერნს“ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში დადებითი ბალანსი აქვს: 10 მოგება, 5 წაგება. ბოლო 5 დუელი მოგებული აქვს, ბოლოს 2004-2005 წლების სეზონის მეოთხედფინალში „ჩელსისთან“ დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 5:6).

„ბაიერნი“ ზედიზედ 7 სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში ან უფრო შორს გადის.

„ბაიერნმა“ ინგლისურ გუნდებთან ბოლო ოთხი საშინაო მატჩი მოიგო, მაგრამ 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ჩელსისთან“ სწორედ მიუნხენში წააგო პენალტების სერიაში.

ზედიზედ ორი სეზონია „ბაიერნი“ „რეალთან“ მარცხდება. შარშან ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო. გარდა ამისა, „ბაიერნი“ ბოლო არაესპანური გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ნიკო კოვაჩის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე შინ აეკ-ი (2:0) და „ბენფიკა“ (5:1) დაამარცხა, ხოლო „აიაქსს“ (1:1) დაუზავდა.

აეკ-თან გამარჯვება იყო პირველი მანამდე ჩატარებულ ოთხ საშინაო მატჩში „ბაიერნისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე. მიუნხენელებმა იქამდე 3 თამაში ვერ მოიგეს („სევილიასთან“ 0:0, „რეალთან“ 1:2 და „აიაქსთან“ 1:1).

„ბაიერნი“ 23 შემთხვევიდან 21-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, როდესაც პლეი-ოფში პირველი თამაში სტუმრად ფრედ დაასრულა. ორ წაგებას რაც შეეხება: 2006-2007 წლების სეზონში „მილანთან“ (2:2, 0:2) და სწორედ „ლივერპულთან“ 1980-1981 წლების სეზონში (0:0, 1:1). საინტერესოა, რომ ინგლისში პირველი თამაში მაშინაც უგოლოდ დასრულდა.

„ბაიერნი“ პენალტების სერიაში: 5 მოგება, 1 წაგება

2013 წლის ევროპის სუპერთასი: „ჩელსი“ (5:4)

2011-2012 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „ჩელსი“ (3:4)

2011-2012 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი: „რეალი“ (3:1)

2000-2001 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „ვალენსია“ (5:4)

1983-1984 წლების სეზონი, უეფას თასის მეორე ეტაპი: პაოკ (9:8)

1973-1974 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის პირველი ეტაპი: „ატვიდაბერგი“ (4:3)

„ლივერპული“

2017-2018 წლების სეზონში „ლივერპული“ მერვედფინალში გავიდა და ეს იყო პირველი ბოლო 9 წლის განმავლობაში. „პორტუს 5:0 მოუგო სტუმრად, ხოლო შინ უგოლო ფრეს დასჯერდა. „წითლებს“ აღნიშნულ ეტაპზე აქამდე 6-ჯერ უთამაშიათ და დადებითი ბალანსი აქვთ - 5 მოგება, 1 წაგება. ერთადერთხელ, როდესაც „ლივერპულმა“ ეს ბარიერი ვერ გადალახა, 2005-2006 წლების სეზონში იყო. მაშინ ინგლისური გრანდი „ბენფიკასთან“ დამარცხდა.

„ლივერპული“ მერვედფინალში 6 თამაშია დაუმარცხებელია (5 მოგება, 1 ფრე). 2007 წელს, „ბარსელონასთან“ 0:1 მარცხის შემდეგ გოლიც არ გაუშვია. თუმცა, მაშინ „ბარსას“ ბარიერი მაინც დაძლია, რადგან სტუმრად 2:1 მოიგო.

„ლივერპული“ ბოლოს გერმანულ გუნდს 2017-2018 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში (ჯგუფურ ეტაპამდე) დაუპირისპირდა. მაშინ იურგენ კლოპის გუნდმა „ჰოფენჰაიმი“ (2:1, 4:2) დაამარცხა.

მერსისაიდელებს გერმანულ გუნდებთან ორმატჩიან დუელში დადებითი ბალანსი აქვთ: 14 მოგება, 2 წაგება. მას შემდეგ, რაც 2001-2002 წლების სეზონში „ლივერპულმა“ „ლევერკუზენთან“ მეოთხედფინალში 3:4 წააგო, გერმანული გუნდი ზედიზედ ოთხჯერ გამოთიშა ასპარეზობას.

„ლივერპული“ ბოლო ოთხი თამაშია გერმანიაში არ დამარცხებულა. საერთო ბალანსი კი მაინც უარყოფითია: 3 მოგება, 9 ფრე, 5 წაგება.

პირველ მატჩში დაფიქსირებული ფრით შეწყდა „ლივერპულის“ სამ მატჩიანი მოგებების სერია გერმანული გუნდების წინააღმდეგ. 2002 წლის შემდეგ კი, „ლევერკუზენთან“ წაგების შემდეგ გერმანულ გუნდთან არ დამარცხებულა მიჯრით 9 თამაშია. ბოლო 17 თამაშში ბუნდესლიგის წარმომადგენელთან ეს ერთადერთი წაგებაა (10 მოგება, 6 ფრე).

„ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე სამივე გასვლითი მატჩი წააგო: „ნაპოლისთან“ (0:1), „ცრვენა ზვეზდასთან“ (0:2) და პსჟ-სთან (1:2). თუ ამას გასულ სეზონში ნახევარფინალში „რომასთან“ (2:4) მარცხსაც დავუმატებთ, გამოვა, რომ ბოლო 4 შეხვედრა აქვს წაგებული. რომში წაგებამდე კი ზედიზედ 6 მატჩი წაუგებლად ჩაატარა „ენფილდს“ მიღმა (4 მოგება, 2 ფრე).

„წითლებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 9 თამაშიდან 5 წააგეს და ყველა ინგლისის გარეთ.

„ლივერპული“ შვიდი შემთხვევიდან სამჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, როდესაც პირველი მატჩი პლეი-ოფში სახლში ფრედ დაასრულა. ბოლოს ასეთი რამ „ჩელსისთან“ 2007-2008 წლების სეზონის ნახევარფინალში მოხდა (1:1, 2:3). ბოლო გამარჯვება კი მსგავს შემთხვევაში 1998-1999 წლების სეზონში უეფას თასის მეორე ეტაპზე მოიპოვა „ვალენსიასთან“ (2:2 სტუმრად).

„ლივერპული“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 1 წაგება

2014-2015 წლების სეზონი, ევროპა ლიგის 1/16 ფინალი: „ბეშიქთაში“ (4:5)

2006-2007 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი: „ჩელსი“ (4:1)

2004-2005 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „მილანი“ (3:2)

1983-1984 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ფინალი: „რომა“ (4:2)

გზაჯვარედინი

იურგენ კლოპი იმ „დორტმუნდის“ მწვრთნელი იყო, რომელსაც „ბაიერნმა“ 2013 წელს ფინალში აჰობა. თავის მხრივ კლოპმა „ბაიერნი“ „დორტმუნდის“ თავკაცის რანგში 2012 წელს გერმანიის თასის ფინალში 5:2 აჯობა, ხოლო ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა. იმავე სეზონში „ყვითლები“ გერმანიის ჩემპიონები გახდნენ. გერმანიის სუპერთასზე კი „ბაიერნი“ 2008, 2013 და 2014 წლებში ჰყავს დამარცხებული.

კლოპის ბალანსი „ბაიერნის“ წინააღმდეგ „მაინცისა“ და „დორტმუნდის“ თავკაცის რანგში ასეთია: 9 მოგება, 4 ფრე, 10 წაგება.

შერდან შაქირი „ბაიერნის“ ფეხბურთელი იყო 2012 წლის ივლისიდან 2015 წლის იანვრამდე და ბუნდესლიგის 52 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ჯეიმს მილნერმა „სიტის“ მაისურით 2013-2014 წლების სეზონში „ბაიერნს“ გოლი გაუტანა (3:2 მოგებულ მატჩში). ტომას მიულერმა კი თავი „ბაიერნის“ რიგებში გამოიჩინა.

ჯორჯინიო ვეინალდუმმა და ვირჯილ ვან დეიკმა ერთა ლიგაზე ჰოლანდიის ნაკრების რიგებში გერმანიას გაუტანეს, რომლის ღირსებას მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, ჯოშუა კიმიხი და ტომას მიულერი იცავდნენ (2013 წლის 13 ოქტომბერს).

გერმანიაში უთამაშიათ:

რობერტო ფირმინო („ჰოფენჰაიმი“ 2011-2015)

ნაბი კეიტა („ლაიფციგი“ 2016-2018)

ჟოელ მატიპი („შალკე“ 2009-2016)

ერთად უთამაშიათ:

ნიკლას ზულე და რობერტო ფირმინო („ჰოფენჰაიმი“ 2012-2015)

ბოლო პერიოდი

„ბაიერნი“

შემდგეი მატჩი მანუელ ნოიერისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მეასე იქნება.

მატს ჰუმელსმა, ხავი მარტინესმა, ტიაგო ალკანტარამ და ხამეს როდრიგესმა კი „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 50-ე თამაში ჩაატარეს.

„ბაიერნი“ 2019 წელს შესანიშნავ ფორმაშია: 8 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. ეს ერთადერთი მარცხი „რეკორდმაისტერმა“ 2 თებერვალს, „ლევერკუზენთან“ (1:3) განიცადა.

შაბათს „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგი“ 6:0 გაანადგურა. ბუნდესლიგის ბოლო ორ თამაშში კი 11 გოლი გაიტანა და ახლა ბუნდესლიგის ლიდერია, „დორტმუნდს“ ბურთების ბალანსით ჯაბნის.

„ბაიერნმა“ 23 თებერვალს „ჰერტა“ 1:0 დაამარცხა და ხავი მარტინესმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ერთი კვირის შემდეგ ესპანელმა „გლადბახთანაც“ შეძლო თავის გამოჩენა (5:1).

სერჟ გნაბრიმ 5 მარტს კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

„რეკორდმაისტერმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით მიუნხენში ერთადერთი თამაში წააგო 6 ოქტომბერს, „გლადბახთან“ 0:3 (10 მოგება, 4 ფრე).

რობერტ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი. დუბლი შეასრულა „გლადბახთან“ და „ვოლფსბურგთან“. ახლა ბუნდესლიგაში 196 გოლი აქვს გატანილი და ლეგიონერებს შორის ყველაზე შედეგიანია. დაამხო რა, კლაუდიო პიზაროს რეკორდი.

ფრანკ რიბერი და ლეონ გორეცკა ტრავმების შემდეგ „ვოლფსბურგთან“ დაბრუნდნენ. ფრანგმა სამი საგოლე პასიც მიითვალა.

კინგსლი კომანმა „ჰერტასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.

არიენ რობენს 27 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა 5 მარტს ვარჯიში დაიწყო.

კორენტინ ტოლისომ 15 სექტემბერს ოპერაცია გაიკეთა და საწვრთნელ პროცესს იანვრის ბოლოს დაუბრუნდა.

„ლივერპული“

„ლივერპულა“ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო. კვირას „ენფილდზე“ „ბარნლი“ 4:2 დაამარცხა.

იურგენ კლოპის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 3-ჯერ 0:0 ითამაშა.

„ლივერპულს“ ზედიზედ 5 მატჩი გოლი არ ჰქონდა გაშვებული, სანამ „ბარნილისგან“ გოლები არ გაუშვა.

სადიო მანემ უკანასკნელ 9 თამაშში 8 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი კვირას.

რობერტო ფირმინომ ასევე ორჯერ გაიტანა „ბარნლისთან“ და 6-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა.

„წითლებს“ ბოლო 6 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული, ხოლო ბოლო სამი ფრედ დასრულდა (3 ფრე, 2 წაგება).

ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი კვირას ზურგის ტრავმის გამო შეცვალეს, ხოლო ჯეიმს მილნერმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

ჯო გომესი „ბარნლისთან“ 5 დეკემბერს დაშავდა და თებერვლის დასაწყისში ოპერაცია გაიკეთა.

დეიან ლოვრენი 7 იანვრის შემდეგ ლაზარეთშია.

ალექს ოქლეიდ-ჩემბერლენს გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ არ უთამაშია (24 აპრილი).

9 იანვარს, მოჰამედ სალაჰი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან თანაგუნდელ სადიო მანესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს აჯობა.

0.209281