სერია A-ს 27-ე ტურის მატჩში, „რომამ“ შინ „ემპოლის“ 2:1 მოუგო. რომაელები მე-9 წუთზე ელ-შაარავიმ დააწინაურა, თუმცა სამ წუთში ანგარიში გათანაბრდა, ჟეზუსმა საკუთარ კარში შეაგდო. გამარჯვების გოლი კი 33-ე წუთზე პატრიკ შიკმა გაიტანა. მასპინძლებმა შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. მე-80 წუთზე მსაჯმა ალესანდრო ფლორენცი გააძევა.
ეს რომაელთა პირველი მატჩი იყო ახალი მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით. მერე 67 წლის სპეციალისტმა Sky Sport Italia-ს უთხრა: „ვულოცავ ჩემს გუნდს. ბიჭები ბოლომდე თავდაჯერებულნი იყვნენ და მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვეს. რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და ეს გამარჯვებას უფრო ფასეულს ხდის. ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ მოვახერხოთ, რომ ნაკლები გოლები გავუშვათ.“