სხვა

15:23 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორბელიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

გურამ გიორბელიძემ (67 კგ.) საქართველოს ძალოსანთა 2019 წლის ყულაბას პირველი მედლები მოუტანა. გიორბელიძემ აშშ-ს ქალაქ ლას ვეგასში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე შედგა.

გურამმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა, ატაცში სამივე ცდა (114, 118, 120 კგ) გამოიყენა, საკუთარ რეკორდს 2 კგ-ით გადააჭარბა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ამ შედეგით, ჩვენებური პირველ მოძრაობაში მე-6 პოზიციაზე გავიდა.

გიორბელიძემ დამაჯერებლად იასპარეზა აკვრაშიც, სადაც 145 და 150 კგ. დასძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველ ძალოსანს ასეთივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვებული 270 კილოგრამითაც.
გიორბელიძე მხოლოდ ყაზახ საიხან ტაისუევს (288 კგ.) ჩამორჩა, ბრინჯაოს მედალი კი თურქმენმა ბეკტიმურ რეიმოვს (269 კგ.) ერგო.

0.112967