ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა.
აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის წოდების მქონე ქართველი სეკიტორი დღეს დასავლეთის მე-2 მაეგაშირა მიოგირიუს გაეჯიბრა და სამწუხაროდ, უშანსოდ დამარცხდა.
იაპონელმა ექს-სეკივაკემ უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდო, ჩვენებურს სასურველი ჩავლების აღების საშუალება არ მისცა და დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა.
ცხადია, წაგება სამწუხაროა, თუმცა, ამ ორთაბრძოლამ კიდევ უფრო ცუდი რამ წარმოაჩინა: ტოჩინოშინი ტრავმიანობის შემდეგ სასურველ ფორმაში ისევ არაა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება.
არადა, შეგახსენებთ, რომ ლევანი კადობანში გახლავთ ჩაყენებული, ეს კი იმის მომასწავებელია, რომ თუკი მინიმუმ 8 შერკინებას არ მოიგებს, ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაემშვიდობება.
ჰარუ ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე დასავლეთის კომუსუბი ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელთანაც ქართველს თანაბარი ბალანსი (2:2) აქვს.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც საგაზაფხულო სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-8 განთესვით შეხვდა.
ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-7 ნომერ აძუმარიუსთან შიტატენაგეთი წააგო, ხვალ კი, დასავლეთში მე-6 რეიტინგის მქონე ცურუგიშოს შეერკინება, რომელთანაც გასული 8 შეხვედრიდან მხოლოდ სამში უმარჯვია.