სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

3:08 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე ისევ დაშავდა

გოგა ბითაძემ ევროლიგაში მორიგი მატჩი გამოტოვა და ამის მიზეზი კვლავ ტრავმაა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველი კალათბურთელი თებერვალში მიღებული დაზიანების კვალად, მოედანს მცირე ხნის წინ დაუბრუნდა, თუმცა, გუშინ, "ოლიმპიაკოსთან" თამაშის დაწყებამდე მუხლი იტკინა და სამწვრთნელო შტაბს ის განაცხადში აღარ შეუყვანია. თუ რამდენად საგანგაშოა გოგას მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.

ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილმა "ბუდუჩნოსტმა" ბერძნულ გრანდს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 76:89 წააგო. მასპინძელთა რიგებში საუკეთესოები ხორვატი ფილიპ ბაროვიჩი და ფრანგი ედვინ ჯეკსონი იყვნენ 13-13 ქულით, პირესოსელთა მხრიდან კი მინიმუმ 12 ქულა ერთბაშად ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი გამოცდილი გეორგიოს პრინტეზისი იყო 19 ქულით, სერბმა ცენტრმა ნიკოლა მილუტინოვმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 12 მოხსნა.

"ბუდუჩნოსტს" 6 მოგება და 19 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ისევ ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 15 მარტს, სტუმრად, ესპანურ "ბასკონიასთან" ჩაატარებს.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდი გასულ ტურში რუსულ "ხიმკის" დაუხვდა და გამარჯვება არ გასჭირვებია - 104:86. თოკო ისევ ტრავმირებულია, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა კი 23:33 წუთში 13 ქულა (2 ორქულიანი, 3 სამქულიანი), 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ბასკონია" 13 მოგებითა და 12 მარცხით მე-6 პოზიციაზეა და საპლეიოფო რვეულში გასვლის კარგი შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115521