იტალიის ქალაქ პადუაში მიმდინარე მსოფლიო თასზე TROPHÉE LUXARDO ხმლით ფარიკაობაში დასრულდა პირველი დღე, 196-მა მოფარიკავემ 48 გამოავლინა, რომლებიც რეიტინგის 16 საუკეთესოს შეუერთდნენ და ხვალ მედლებისათვის განაგრძობენ ბრძოლას.
64 საუკეთესოს შორის სამი ქართველია. მიხეილ მარდალეიშვილმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლით მოიპოვა T64-ში ადგილი. სანდრო ბაზაძემ და ვაჟა რეჭიამ კი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ორი ეტაპი გადალახეს. სანდრომ ჯერ ჩინელი ში ვანგი დაამარცხა, შემდეგ კი ბრიტანელ ვილიამ დეარს 15:10 მოუგო. ვაჟას ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ორივეში 15:14 იმარჯვა, ბელორუს ანტონ დავიდენკასთან და ყაზახ ნურჟან კარიმთან.
ხვალ T64-ში სანდრო ბაზაძე, საქართველოს დროით 14:00 სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰს დაუპირისპირდება, ნახევარ საათში კი ამავე ეტაპზე ერთმანეთს მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია შეხვდებიან.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური