ფეხბურთი

15:09 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნევილი: „სოლსკიაერს „მანჩესტერის“ მწვრთნელად დაამტკიცებენ. მერე ის ნორვეგიის მეფე გახდება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი, ლეგენდარული მცველი, გარი ნევილი, ამჟამად ტელეექსპერტობასაც ითავსებს და პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ, ყოფილ თანაგუნდელს, „იუნაიტედის“ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს, ორიოდ სალაღობო შეკითხვა დაუსვა, შემდეგ კი იმედი გამოთქვა, რომ ნორვეგიელს კლუბში ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებენ.

„გახდება თუ არა სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელი? რა თქმა უნდა, გახდება. მერე კი ნორვეგიის მეფედ, პრეზიდენტად ან პრემიერმინსტრად მოგვევლინება.

ვერ ვხვდები, რა ხდება. როცა ის დროებით მწვრთნელად დანიშნეს, ვფიქრობდი მთავარი, რასაც გააკეთებდა, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის ურთიერთობას აღადგენდა და მოთამაშეებს უფრო ბედნიერებს გახდიდა.

მაგრამ, სასწაულები ხდება. ოლეს შედეგები პრემიერლიგაში ჩემპიონურია. ქომაგები კმაყოფილნი არიან. ფეხბურთელებიც. ბოლო სამი თვე მართლაც სენსაციური გამოდგა. ვფიქრობ, მას ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებენ. საუკეთესო დრო, ალბათ, მარტის ბოლო იქნება, როცა ევროპაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდება.“ - უთხრა ნევილმა TV2-ს.

0.123264