ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ მარცხს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მის ბედს „ატლეტიკოც“ გაიზიარებს.
კაპელო, რომელიც ბოლო დროს Sky Sport-ის საფეხბურთო მიმომხილველია, ამბობს, რომ „რეალის“ მარცხით კრიშტიანუ რონალდუმ დამატებით მოტივაცია შეიძინა:
„დიდებული იქნება ჩემპიონთა ლიგას ორივე მადრიდული გუნდი თუ დაემშვოდებება იმ სეზონში, რომლის ფინალსაც სწორედ მადრიდი უმასპინძლებს. ვფიქრობ, „რეალის“ წაგებით კრიშტიანუმ და მთლიანად „იუვენტუსმა“ ნამდვილად დიდი მოტივაცია შეიძინეს“, - თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „აიაქსთან“ შინ 1:4 წააგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. „ატლეტიკო“ კი მეოთხედფინალთან ძალიან ახლოსაა, რადგან „იუვენტუსი“ შინ 2:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩი ტურინში 12 მარტს გაიმართება.