საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუასა და საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის მიწვევით რუსთავის მერიაში იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე რუსთავში ძალოსნობის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს და საწვრთნელი ბაზის მშენებლობის გეგმა განიხილეს.
ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ავთო გახოკიძემ, ნაკრების კაპიტანმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, მსოფლიო პრიზიორებმა და ევროპის ჩემპიონებმა რევაზ დავითაძემ და შოთა მიშველიძემ ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც მომავალი ბაზის აშენება იგეგმება.
ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები მსგავსი სახის პროექტს მიესალმებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოს ყველა რეგიონში დაიდებს ბინას.
ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის განცხადებით, ძალოსნობის დარბაზი ქვემო ქართლში მხოლოდ რუსთავშია, ხოლო თუ აღნიშნული პროექტი განხორციელდება, შესაძლოა რუსთავი ძალოსნობისთვის მეორე ბაზად იქცეს, რაც ერთადერთ აპრობირებულ, დუშეთის კერძო სექტორის ბაზას, ნაწილობრივ განტვირთავს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთავის ბაზით შესაძლოა სხვა ქვეყნების ძალოსნებიც დაინტერესდნენ, განსაკუთრებით კი მეზობელი ქვეყნების სომხეთისა და აზერბაიჯანის სპორტსმენები.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური