სხვა

22:30 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრები ხვალ გამთენიისას მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან, რომელსაც ლას ვეგასი უმასპინძლებს. ასპარეზობაზე, რომელიც 8-15 მარტს გაიმართება, საქართველოს ღირსებას მხოლოდ ორი ძალოსანი დაიცავს, რადგან ნაკრების ერთ წევრს, მანუჩარ გოგოხიას გაურკვეველი მიზეზების გამო, ამერიკის ვიზა არ მისცეს.

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის საელჩო უახლოეს დღეებში ქართველ სპორტსმენზე ვიზას გასცემს, მაშინ გოგოხია ჩემპიონატზე გამოსვლის შანსს ინარჩუნებს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ ძალოსანს - 67 კგ. წონით კატეგორიაში პირველობისთვის გურამ გიორბელიძე იბრძოლებს, ხოლო 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალებს ლაშა თაქთაქიშვილი მოსინჯავს.
ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით საწვრთნელი შეკრება დუშეთში გაიარა. ანთაურის განცხადებით, ძალოსნებმა მზადება კარგად გაიარეს და ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 8 მარტს დაიწყება. ქართველი ძალოსნების გამოსვლის გრაფიკს ასპარეზობის დაწყებამდე შემოგთავაზებთ.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

0.11801