ფეხბურთი

12:37 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი მიზეზებს ეძებს: "ყველაფერი ქარის ბრალია!"

ინგლისური „ლივერპული“ პრემიერლიგის ლიდერი აღარაა. „წითლებმა“ მერსისაიდულ დერბიში „ევერტონს“ ვერ მოუგეს (0:0) და „სიტის“ გალიდერების საშუალება მისცეს.

ნამატჩევს იურგენ კლოპმა ბუნებრივია კომენტარი გააკეთა და დაფიქსირებული შედეგი არც მეტი, არც ნაკლები ქარს დააბრალა.

„ეს ძალიან რთული თამაში იყო რამდენიმე მიზეზის გამო, ჩვენს წინაშე აგრესიული მეტოქე იდგა. ვიცი, ხალხს არ მოეწონება ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ ქარი ყველა მიმართულებიდან ქროდა და ბევრ სიტუაციაზე გავლენა მოახდინა. ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო რამის ჩვენება. ქარში თამაში რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბურთი ჰაერშია.

შეხვედრა 0:0 დასრულდა და „ევერტონთან“ ისევ დაუმარცხებლები ვართ. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ რთული თამაში იყო, თანაც ქულა მოვიპოვეთ მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც ორმაგი მოტივაციით თამაშობდა“, - განაცხადა კლოპმა.

ბარემ, აქვე გეტყვით, რომ კლოპმა ასევე ქარს გადააბრალა ინგლისის თასზე „ვულვზთან“ წაგება, ხოლო „მანჩესტერთან“ ნულოვანი ფრის შემდეგ საკუთარი გუნდის ცუდი თამაში მეტოქის რიგებში პირველივე ტაიმში განხორციელებულ სამ ცვლილებას მიაწერა...

ცნობისთვის, „ლივერპულს“ 70 ქულა აქვს, „სიტის“ 71 და პრემიერლიგის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი.

0.11606