ირაკლი მწითური (92 კგ.) ბულგარეთის სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ფინალამდე თურქი კარადენიზი 6-1, ამერიკელი ლეფევერი 8-1 და თურქი ბოლუკბაში წმინდად დაამარცხა, ფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვთან 5-7.
ნიკა კენჭაძემ (79 კგ.) ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონმა 23-წლამდელთა შორის გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი კოტანოღლუ 5-0 დაამარცხა. კენჭაძემ მხოლოდ ნახევარფინალური შეხვედრა დათმო ამერიკელ დიერინგერთან, მანამდე კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ზელიმხან გაჯიევს 8-0 და ტუნისელ ბარაიჯს 6-1 სძლია.
ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.) "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" სახელობის ტურნირის ფინალში გავიდა. ქართველმა ფალავანმა საფინალო გზაზე სამი მეტოქე ჩამოიცილა, ალჟილერ ჰერბაჩეს 13-2 და უკრაინის წარმომადგენელ არმენ არაკელიანს 13-10 მოუგო, ნახევარფინალში კი აშკარა უპირატესობით გაუსწორდა ფრანგ ელ ქუარაქს 12-2. ოქროს მედლისათვის დღეს უჯიაშვილი თურქ სულეიმან ატლის შეხვდება.
2 მარტს "დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის" საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ დარჩენილი 86, 97 და 125 კგ. კატეგორიის ფალავნები.
საქართველოს ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ.), ზვიად მეტრეველი (97 კგ). და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) დაიცავენ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები - 19:00 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი, სადაც ბექა ბუჯიაშვილსაც (57 კგ.) ვიხილავთ, 20:00 საათიდან.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური