კალათბურთი

22:47 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის შთამბეჭდავი წინსვლა
Bleacherreport გოგას დრაფტზე მე-11 ადგილს უწინასწარმეტყველებს

ცნობილმა ამერიკულმა პორტალმა Bleacherreport ნბა-ს 2019 წლის წინასადრაფტო ცხრილი განაახლა, სადაც გოგა ბითაძემ შთამბეჭდავი წინსვლა განიცადა. თუკი აღნიშნული ვებგვერდის 20 დღის წინანდელ რეიტინგში 19 წლის ქართველ ცენტრს 27-ე ადგილი ეკავა, ახალ კლასიფიკაციაში ის უკვე მეთერთმეტეა (!).

აი, როგორ ხსნის Bleacherreport ბითაძის ამგვარ აღზევებას:
“სეზონის განმავლობაში შთამბეჭდავი პროგრესი და კოლეჯების დონეზე გამორჩეული ახალგაზრდების ნაკლებობა ბითაძეს დრაფტის სათავეებისკენ მიაქანებს.
19 წლის ცენტრმა თავდაპირველად ადრიატიკის ლიგაზე გაიბრწყინა, შემდეგ კი, თავისი სიტყვა თქვა ევროლიგაშიც, სადაც საშუალოდ 13.1 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.9 დაფარება აგროვებს.
ბითაძე ქულების მანქანა არაა და ვერც შთამბეჭდავი ათლეტური მონაცემებით გამოირჩევა, თუმცა, კარგად იყენებს გრძელ ხელებს, სწრაფად გადაადგილდება და ფარის გარშემო ძალიან სარგებლიანია. იგი სროლის ხარისხსაც აუმჯობესებს და ის, ფაქტი, რომ 39-დან 15 სამქულიანი აქვს ჩაგდებული, მის პერსონას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ბითაძე, შესაძლოა, უმაღლესი კლასის დამცველი ვერასდროს გახდეს, თუმცა კი, 20 წლამდე ასაკში შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია. დღესდღეობით, ის იმ კალათბურთელად უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც განვითარების ფართო არეალი აქვს”.

0.135845