დიდი ხანია ქართველი გულშემატკივარი ევროტურნირების ჯგუფური ეტაპების კარის გაღებას ქართული გუნდებისთვისაც ელოდება. უფრო სწორად ქართული გუნდები ვერ ახერხებენ მის შეღებას.
იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ახლოს ვიყავით. მაგალითად, ორჯერ გორის „დილა“, შარშან „ტორპედო“, იქამდე 2011-2012 წლების სეზონში „ზესტაფონი“ და „დინამო“ პლეი-ოფში დამარცხდნენ. კიდევ უფრო მანამდე, „დინამო“ ჩემპიონთა ლიგასთან ძალიან ახლოს იყო.
2004-2005 წლების სეზონი გამონაკლისია. მაშინ თბილისის „დინამომ“ უეფას თასზე სამი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და საქართველოში ევროპული საფეხბურთო შემოდგომაც დადგა. საინტერესოა, გავიხსენოთ ის გზა, რომელიც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მაშინ ჯგუფურ ეტაპამდე გაიარა.
„დინამომ“ უეფას თასზე ასპარეზობა 15 ივლისს, ბორისოვში დაიწყო. პირველი ბარიერი ადგილობრივი „ბატე“ გახლდათ. შეხვედრა ბელარუსებისთვის ფანტასტიკურად დაიწყო.
უკვე მე-19 წუთზე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. პირველი გოლი კი კურიოზული გამოდგა. იური ჟევნოვმა, რომელიც „ბატეს“ კარს იცავდა, ირაკლი ზოიძეს საკუთარი საჯარიმოდან გაუტანა. ოთხი წუთის მერე კი ოლეგ სტრახანოვიჩმა პენალტი გაიტანა - 2:0. „დინამო“ რთულ ვითარებაში ჩავარდა, მაგრამ ჩინებული ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და თბილისური მატჩის წინ სერიოზული უპირატესობა შეიქმნა.
45-ე წუთზე მიხეილ კაკალაძემ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მეორე ნახევარში გოლები მხოლოდ თბილისელებს გაჰქონდათ. ჯერ ბორის გონჩაროვმა ლადო ახალაიას გადაცემით გაათანაბრა, ხოლო ბოლო წუთზე ბრაზილიელმა სეზარ რომერომ მესამედ დაამწუხრა მასპინძლები და „დინამომ“ 3:2 მოიგო. გია გეგუჩაძის გუნდმა საპასუხო შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა მიიღო და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
„ბატე“ – „დინამო“ 2:3 (2:1)
გოლები: 1:0 ჟევნოვი (15), 2:0 სტრახანოვიჩი (19, პენ), 2:1 კაკალაძე (45), 2:2 გონჩაროვი (56), 2:3 რომერო (90)
„დინამო“: ზოიძე, ჭიჭვეიშვილი, სალუქვაძე, შაშიაშვილი, კვირკველია, კანდელაკი, კანკავა (შ. კაშია 46), ბურდული (ახალაია 46), მელქაძე (რომერო 75), კაკალაძე, გონჩაროვი
საპასუხო შეხვედრა „დინამო არენაზე“ ორი კვირის მერე შედგა. სტუმრად 3:2 გამარჯვება სოლიდური უპირატესობა იყო, თუმცა ბუნებრივია, ბრძოლა დასრულებული არ ყოფილა. ეს დინამოელებმაც კარგად იცოდნენ და მეორე შეხვედრასაც მობილიზაციით შეხვდნენ. საბოლოოდ, „დინამომ“ „ბატე“ მეორე მატჩშიც დაამარცხა. ამჯერად, ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გავიდა და ის დავით კვირკველიამ ლევან მელქაძის გადაცემით გაიტანა.
„დინამო“ – „ბატე“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კვირკველია (87)
„დინამო“: ზოიძე, ჭიჭვეიშვილი, შ. კაშია (ალადაშვილი 42), სალუქვაძე, კვირკველია, კანდელაკი, შაშიაშვილი, კანკავა, ბურდული (გრიგალაშვილი 89), კაკალაძე, გონჩაროვი (მელქაძე 62)
ბარემ ჩვენი გულისტკივილიც ვთქვათ - მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ბევრმა წყალმაც ჩაიარა. რამხელა პროგრესს მიაღწია „ბატემ“ და რა ნახტომიც გააკეთა სპორტული (და არამარტო) თვალსაზრისით, ყველასთვის ნათელია. ალბათ ბორისოვოს გუნდი ნებისმიერი ქართული გუნდისთვის მისაბაძი და სამაგალითო უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში თანამედროვე რეალობა ამაზე მიგვანიშნებს...
ახლა ისევ წარსულში დავბრუნდეთ - მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამოს“ მეტოქედ პრაღის „სლავია“ ერგო. ბევრისთვის ქართული ფეხბურთის ფლაგმანი იმთავითვე განწირული იყო ტიტულოვან ჩეხურ გუნდთან დუელში. თუმცა, საფეხბურთო მინდორზე სულ სხვა და რაც მთავარია, სასიამოვნო სურათი გველოდა.
2004 წლის 12 აგვისტოს პრაღაში გამართული მატჩი გია გეგუჩაძის გუნდისთვის კარგად დაიწყო, თუმცა ცუდად დასრულდა. მე-12 წუთზე ანგარიში ლევან მელქაძემ გახსნა და „დინამომ“ ეს ანგარიში მე-60 წუთამდე შეინარჩუნა. თუმცა, ბოლო ნახევარ საათში „სლავიამ“ სამჯერ გაიტანა და დამაჯერებლად მოიგო.
„სლავია“ – „დინამო“ 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 მელქაძე (12), 1:1 ადაუტო (60), 2:1 პიტაკი (64), 3:1 კალივოდა (77)
„დინამო“: ზოიძე, შ. კაშია, ჭიჭვეიშვილი, სალუქვაძე, შაშიაშვილი, ალადაშვილი (ბურდული 68), კანდელაკი, კანკავა, ნემსაძე (გრიგალაშვილი 77), კაკალაძე, მელქაძე
საპასუხო შეხვედრა „დინამო არენაზე“ 26 აგვისტოს შედგა და 26 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. „დინამომ“ გაცილებით გამოცდილ მეტოქის ორბურთიანი ჰანდიკაპი გააქრო და ჯგუფურ ეტაპთან ერთ ნაბიჯში მივიდა.
ტაიმის მიწურულს ლევან მელქაძემ ჩეხებს მეორე შეხვედრაშიც გაუტანა. თუმცა ეს საკმარისი არ იყო და გეგუჩაძის გუნდს მეორე ტაიმში კიდევ სჭირდებოდა მინიმუმ ერთი გოლი. სწორედ იმ დღეს, თავი გამოიჩინა ჯაბა კანკავამ. ახლა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მაშინ მხოლოდ 18 წლის იყო და დიდ ფეხბურთში საწყის ნაბიჯებს დგამდა. ჯაბამ შორი მანძილიდან 66-ე წუთზე დალაშქრა გამოცდილი რადეკ ჩერნის კარი - 2:0. მასპინძლებმა სასურველი ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
„დინამო“ – „სლავია“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 მელქაძე (44), 2:0 კანკავა (66)
„დინამო“: ზოიძე (მამალაძე 76), ჭიჭვეიშვილი, შაშიაშვილი, სალუქვაძე, კანდელაკი, რომერო, კანკავა, ნემსაძე (ბურდული 52), კვირკველია, კაკალაძე, მელქაძე
„დინამოს“ სანუკვარ მიზნამდე ერთადერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი. წილისყრის შედეგად, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გუნდს კრაკოვის „ვისლა“ ერგო - პოლონეთის მაშინდელი ჩემპიონი.
„ვისლამ“ სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო, თუმცა, ბოლო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა (0:2, 1:3) და ამიტომ უეფას თასის გათამაშებაში გადაინაცვლა. იმ დროს ჩვენთვისაც ნაცნობი იყო კრაკოვული გუნდი. საქმე ისაა, რომ სწორედ ხსენებულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვისლა“ საქართველოს ჩემპიონ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა და სირცხვილიც აჭამა. პოლონელებმა თბილისში 8:2 მოიგეს და შინ უფრო მეტი დიპლომატია გამოაჩინეს - 3:0. ორი მატჩის ჯამში 11:2 საქართველოს ჩემპიონთან და დაახლოებით ერთ თვეში „დინამოს“ უნდა ეთამაშა მის წინააღმდეგ.
ბუნებრივია, ამის გათვალისწინებით და კიდევ სხვა ფაქტორების გამო (თუნდაც, „რეალთან“ თამაშის გამოცდილება) პოლონეთის ჩემპიონი აშკარა ფავორიტი იყო. პირველი მატჩი კრაკოვში შედგა და „დინამოსთვის“ იმდენად დიდებულად დაიწყო, წარმოდგენაც, რომ რთული გახლდათ.
გია გეგუჩაძის გუნდმა პირველი ნახევარი ჯაბა კანკავასა და კახა ალადაშვილის გოლებით 2:0 მოიგო! წინ 45 წუთი იყო და „დინამოს“ ანგარიში როგორმე უნდა შეენარჩუნებინა. მაგრამ პოლონელებმა 16-წუთიან ინტერვალში 4 გოლი გაიტანეს და დამაჯერებლად (4:2) დაწინაურდნენ. თბილისელებმა 82-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა და გოლი დავით კვირკველიამ გაიტანა - 4:3. თბილისში ბრძოლას აზრი ნამდვილად ჰქონდა!
„ვისლა“ – „დინამო“ 4:3 (0:2)
გოლები: 0:1 კანკავა (17), 0:1 ალადაშვილი (25), 1:2 გორავსკი (59), 2:2 ჟურავსკი (61), 3:2 ფრანკოვსკი (63), 4:2 ფრანკოვსკი (75), 4:3 კვირკველია (82)
„დინამო“: ზოიძე (მამალაძე 46), ჭიჭვეიშვილი, სალუქვაძე, შაშიაშვილი, კანდელაკი, ალადაშვილი (კაკალაძე 69), ნემსაძე, კანკავა, კვირკველია, გონჩაროვი, მელქაძე (გრიგალაშვილი 58)
2004 წლის 30 სექტემბერი დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ალბათ ყველაზე წარმატებული დღეა. ყოველშემთხვევაში ფაქტია, ეს დღე ერთადერთია, როცა ევროტურნირებსი ჯგუფური ეტაპის კარი ქართული გუნდებისთვის გაიღო!
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი „დინამომ“ აქტიურად დაიწყო და შედეგიც მოიმკა. მე-60 წუთზე გიორგი ნემსაძემ პენალტით ანგარიში გახსნა, ხოლო ზუსტად 6 წუთში მიხეილ კაკალაძემ მეორედ დაამწუხრა პოლონეთის ჩემპიონი. ეს ნიშნავდა, რომ დარჩენილ 25 წუთში „ვისლას“ 2 გოლი უნდა გაეტანა. პოლონელებმა გაიტანეს, თუმცა მხოლოდ ერთხელ. შედეგად, „დინამომ“ 2:1 იმარჯვა და ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა!
„დინამო“ – „ვისლა“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 ნემსაძე (60, პენ), 2:0 კაკალაძე (66), 2:1 ფრანკოვსკი (77)
„დინამო“: მამალაძე, ჭიჭვეიშვილი, სალუქვაძე, შაშიაშვილი, კანდელაკი, ალადაშვილი (ახალაია 53), ნემსაძე, კანკავა, კვირკველია, კაკალაძე (გრიგალაშვილი 81), მელქაძე (რომერო 66)
ასეთი გზა გაიარა ჯგუფურ ეტაპამდე „დინამომ“ 2004-2005 წლების სეზონში. მაშინ უეფას თასი (აწ უკვე ევროპა ლიგა) განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა (სხვათა შორის იმ წელს პირველად და მალევე უეფამ ეს სისტემა შეცვალა, რადგან ეფექტური არ იყო) და ერთ ჯგუფში 5 გუნდი ხვდებოდა. ისინი ერთმანეთს თითოჯერ ხვდებოდნენ (ორი მატჩი შინ, ორი სტუმრად).
„დინამომ“ თბილისში ფრანგულ „სოშოსთან“ (0:2) და მომავალ ფინალისტ ლისაბონის „სპორტინგთან“ (0:4) წააგო, ხოლო სტუმრად „ნიუკასლ იუნაიტედსა“ (0:2) და ბერძნულ „პანიონისს“ (2:5) ვერ გაუწია წინააღმდეგობა. თუმცა, ფაქტია - ეს დღემდე საუკეთესო შედეგია დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის...