ჩოგბურთი

17:41 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი რუსი ხაჩანოვი დაამარცხა

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-19 ადგილზე იმყოფება, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში დაწყებულ პრესტიჟულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო.

ბასილაშვილი 1/16-ფინალში კლასიფიკაციის მე-12 ნომერსა და დუბაიში მე-4 განთესვის მქონე 22 წლის რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და 6:4, 6:1 მოიგო. თამაში საათსა და 11 წუთს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა 9-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება არცერთხელ წაუგია, რაც მისთვის იშვიათი მოვლენაა.

ჩვენებურმა 5 ეისი მოაწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა და პირველ მოწოდებაზე ბურთების 85% (23 27-დან) მოიგო, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. ბასილაშვილმა პირველ სეტში გადამწყვეტი ბრეიკი 4:4-ზე მიითვალა, მე-2 სეტში კი ტემპს უფრო მოუმატა და რუსს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონია.

ამ წარმატების წყალობით, ნიკამ 45 სარეიტინგო ქულა და 37 620 დოლარი გამოიმუშავა, ხოლო თუ ვინ იქნება ნიკოლოზის მეტოქე მერვედფინალურ ეტაპზე, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელ რამკუმარ რამანატანს გაეჯიბრება.

ცხადია, 30 წლის პირენეელი, რომელიც მსოფლიოს მე-18 ჩოგანია, 137-ე პოზიციაზე მყოფ მეტოქესთან უდავო ფავორიტად მოიაზრება. მითუმეტეს, რომ ბაუტისტა აგუტი დუბაის ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და ქულების დასაცავად მაქსიმუმს გაიღებს. თუკი რობერტომ შარშანდელი წარმატება ვერ გაიმეორა, ბასილაშვილი კლასიფიკაციაში, დიდი ალბათობით, მე-18 ადგილზე გადავა.

0.113882