საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ გიორში 23-24 თებერვალს გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე – გრან პრიზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. შმაგი და გელა ბოლქვაძეები კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. საჩინო დავითაიამ კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
72 კილოგრამი წონითი კატეგორიის კონკურენცია ქართული ფინალით უნდა დაგვირგვინებულიყო. წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები შმაგი ბოლქვაძემ და საჩინო დავითაიამ წაუგებლად გაიარეს. საჩემპიონო ბრძოლა კი დავითაიას მცირე ტრავმის გამო არ გაიმართა.
ღიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ უნგრულ გრან პრიზე ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა: გერმანელი მიხაელ ფელიქს ვიდმაიერი (3:0), ირანელი მოჰამადრეზა ალირეზა აგანიაჩარი (7:0) და თურქი შელჩუკ კანი (2:0).
დავითაიამ ფინალამდე უნგრელ მოჭიდავეებს მარტინ ტოტსა (7:0) და იშტვან კოჟაკს (9:0) აჯობა.
ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონმა გელა ბოლქვაძემ ტურნირი ხორვატი ფილიპ საჩიჩის ძლევით (2:1) გახსნა. შემდეგ თურქი ბურან აკბუდაკი (3:1) და უზბეკი ჟალგასბაი ბერდიმურატოვი (5:1) ჩამოიცილა. საჩემპიონო ბრძოლაში კი დანიის ნაკრების წევრი რაჯბეკ ბისულტანოვი დაამარცხა (7:1).